11-08-2021
ყველამ გამოსცადა ყველანაირი მეთოდი, ჩაკეტვები, დაკეტვები, მაგრამ ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ აცრა ერთადერთი გამოსავალია, აცრილი მოქალაქე არ კვდება, ეს უნდა გავითავისოთ და ყველა უნდა ავიცრათ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გარდაბანში, „ქართული ოცნების" გარდაბნის მერობის კანდიდატის, დავით კარგარეთელის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ, აცრის მნიშვნელობაზე გითხრათ. ჩვენ ეხლა ვუსმენთ მეცნიერებს და შემდეგნაირი სურათია გამოკვეთილი, რომ ჩვენ გვინდა- არ გვინდა, ეს ზედმეტი სიჯიუტეც არაფერს არ გვარგებს. ყველა უნდა ავიცრათ, მეგობრებო. ეს არის ჩვენი უმორჩილესი თხოვნა, მეცნიერების რჩევა, რეკომენდაცია, მოწოდებაც იმიტომ, რომ აცრის გარდა, სხვა რეცეპტი, რესურსი, სხვა არავითარი გამოსავალი არც მთავრობას, არც მსოფლიოს მთავრობებს, არავის არ აქვს. ერთადერთი გამოსავალი არის აცრა და ხარისხიანი ვაქცინების შეთავაზება, რომელიც შეუძლია მთავრობას. ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ისე მიდის საქმე და ზოგადად ვუსმენთ რა ჩვენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ექიმებს და მეცნიერებს, შესაძლოა აცრა ან ამის განმეორება ადამიანს დასჭირდეს ყოველ წელს, სანამ ბოლომდე არ დაითრგუნება ეს ვირუსი, რომელიც ძალიან ვერაგი ვირუსია, ვთქვათ ასე, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი ადამიანი შეიწირა. მილიონობით ადამიანზეა საუბარი. მესმის, რომ ძალიან რთული საკითხია. ერთის მხრივ, ჩვენ უნდა მივხედოთ ეკონომიკის განვითარებას, მოქალაქეები შიმშილით არ უნდა გარდაიცვალონ და რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ყველა თანხმდება და ეს აპრობირებულია უკვე, ყველამ გამოსცადა ყველანაირი მეთოდი, ჩაკეტვები, დაკეტვები - ყველაფერი, მაგრამ ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ აცრა ერთადერთი გამოსავალია.
აცრილი მოქალაქე არ კვდება. ეს უნდა გავითავისოთ ყველამ და ყველა უნდა ავიცრათ. დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, რომ ყველამ ჩავიტაროთ აცრა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის ძალიან კარგად, რომ თითოეული ადამიანის სიკვდილი არის ტრაგედია, ჩვენი ყველას დანაკარგია. დღეში ჩვენს ქვეყანაში, რამდენიმე შეიძლება ათეული და ასეული ადამიანი გარდაიცვალოს სხვადასხვა მიზეზის გამო, აქედან 20-30% არის კოვიდის გამო, რაც რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტრაგედია, დანაკლისია, სამწუხარო ამბავია და ამის პრევენციისთვის აუცილებელია ვაქცინაციის ჩატარება",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოსახლეობას შეუმსუბუქონ ყოფა.
„იქნება ეს მერი, გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, რწმუნებული, პრემიერ-მინისტრი, მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ პარლამენტის წევრი, ჩვენ ყველა ამ სულისკვეთებით ვართ, რომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ ყოფა. პრობლემები, რაც აქვთ, ყველაფერი გადავუწყვიტოთ ძალიან მოკლე დროში. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი და დავალება",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.