გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა

12-08-2021

საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრიდან 13 წლის გასვლასთან დაკავშირებით, მ.წ. 12 აგვისტოს ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა - ამერიკის შეერთებული შტატების, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, ესტონეთის, ირლანდიის, კანადის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, უკრაინის, ფინეთის, შვედეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის სახელით, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე გააკეთა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება. განცხადება წაიკითხა ეუთო-ში აშშ-ის წარმომადგენლობამ. მეგობართა ჯგუფმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა.

საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრიდან 13 წლისთავზე, მეგობართა ჯგუფი გამოხატავს ღრმა მწუხარებას საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით. განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობა, გაერო-ს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე.

განცხადებაში, მეგობართა ჯგუფი მიესალმება ევროკავშირის მედიაციით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას ქართული მხარის მიერ. ამავდროულად რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, დააბრუნოს თავისი სამხედრო ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი გადაადგილება. მეგობართა ჯგუფი ასევე მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

მეგობართა ჯგუფი ასევე გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო წვრთნებისა და სამხედრო შენაერთების არსებობასთან დაკავშირებით და გმობს რუსეთის ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიის მის მიერ ოკუპირებულ სეგმენტზე რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ცალმხრივად დადგენისა და სოფელი აიბღას რუსეთის კრასნოდარის მხარესთან მიერთებისკენ. მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთს, შეცვალოს ეს პროცესი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია წუხილი რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რეგიონს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის მიზნით მიმდინარე პროცესებთან, როგორც დეფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ კიდევ ერთი ნაბიჯთან დაკავშირებით.

მეგობართა ჯგუფი განცხადებაში გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის გადაწყვეტილებას და მოუწოდა რუსეთს მისი შესრულებისკენ, მათ შორის, დაუშვას იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
განცხადებაში მეგობართა ჯგუფი გამოხატავს შეშფოთებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან გახშირებული პროვოკაციების თაობაზე, მათ შორის, ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ მავთულხლართების ინსტალაციასა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივ ჩაკეტვასთან დაკავშირებით, რომელმაც გამოიწვია დესტაბილიზაცია და უარყოფითად აისახა ადგილზე არსებულ სიტუაციაზე, მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე. გარდა ამისა, განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევები. მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს ეფექტური კონტროლის განმახორციელებლ ძალას, დაუშვან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები.

საქართველოს მეგობართა ჯგუფმა დაგმო საოკუპაციო ხაზთან განხორციელებული უკანონო დაკავებები და საქართველოს მოქალაქეთა - არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობები. მეგობართა ჯგუფმა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს დაბრკოლებების შექმნა დამნაშავეთა მიმართ სამართლის აღსრულებისთვის.

მეგობართა ჯგუფის განცხადებაში გამოხატულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისადმი მხარდაჭერა და აღნიშნულია ისეთ ძირითად საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობა, როგორიც არის ძალის არგამოყენება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნების უზრუნველყოფა. განცხადებაში აღნიშნულია ერგნეთისა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებისადმი მხარდაჭერა და გალში აღნიშნული მექანიზმის მუშაობის უპირობოდ განახლების მნიშვნელობა. გარდა ამისა, მეგობართა ჯგუფმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მანდატის სრულად შესრულების მნიშვნელობა და გამოხატა მისიისადმი მხარდაჭერა.

განცხადების დასასრულს, მეგობართა ჯგუფი მიესალმა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, დაიწყოს ინკლუზიური პროცესი კომპლექსური „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის" შესამუშავებლად და ასევე შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიის გადახედვის დასაწყებად.

მეგობართა ჯგუფი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და გაყოფილ თემებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930