გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კულტურის სამინისტროში გელათის კომპლექსთან დაკავშირებით UNESCO-ს ექსპერტების დასკვნებზე იმსჯელეს

14-08-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტების მიერ გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნების პირველადი განხილვის მიზნით, კულტურის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას არქიტექტორ-რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები, კედლის მხატვრობის სპეციალისტები/რესტავრატორები ესწრებოდნენ, ხოლო დისტანციურად ჩაერთო მეუფე დავით ალავერდელი. სხდომაზე UNESCO-ს ექსპერტების მიერ მომზადებული ორი დასკვნის - გელათის ტაძრის გადახურვისა და კედლის მხატვრობის შესახებ პირველადი განხილვა გაიმართა და სამომავლო სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელეს.

კედლის მხატვრობის მდგომარეობის ამსახველი დასკვნის თანახმად (კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტები: მარიო პულიერი, ვინჩენცო ჩენტანი): „მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის ივლისში, მთავარ ტაძარზე დროებითი მყარი გადახურვის მოწყობამ შეაჩერა წყლის ინფილტრაციის პროცესი, დროებითი გადახურვის მოწყობის დროისთვის, უკვე დიდი რაოდენობით ინფილტრირებული წყლის გამო, კედლის მხატვრობის მდგომარეობა კრიტიკული იყო; კედლის მხატვრობის კრიტიკულად არასტაბილური მდგომარეობა აღინიშნება არა მხოლოდ დასავლეთ მკლავში, ასევე ჩრდილოეთი მკლავის კამარასა და დასავლეთ კედელზე, სამხრეთი მკლავის კამარაში და ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ აფრებზე."

რაც შეეხება მეორე დასკვნას, რომელიც გელათის ტაძრების 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდგომ მდგომარეობას ასახავს (ექსპერტები უგო ტონიეტტი, სარა სტეფანინი), მასში ვკითხულობთ: „შეჯამების სახით, უნდა ითქვას, რომ გელათის კომპლექსში გამოყენებული მიდგომების, ტექნიკებისა და მასალების ნაირსხვაობის შედეგად, საკმაოდ მძიმე სურათი იკვეთება. თითქოს, შემსრულებლები მოქმედებდნენ სახელდახელო, გადაუდებელ ვითარებაში - ყველანაირი გეგმის გარეშე და უწევდათ სხვადასხვა გადაწყვეტილებების იმპროვიზაცია."

შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად განაცხადეს, რომ UNESCO-ს ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნები არის მაღალკვალიფიციური, ყოვლისმომცველი და გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად უნდა შემუშავდეს. ამ გეგმის შემუშავების პარალელურად, შესაძლოა, წარმოდგენილი იქნეს სხვა უცხოელი ექსპერტებისა და კონსულტანტების რჩევები და მოსაზრებები. შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომ UNESCO-ს ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციების და დღევანდელ შეხვედრაზე ქართველი სპეციალისტების მიერ გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე, სპეციალისტთა ჯგუფი შეადგენს პროექტის მონახაზს, რომელსაც კვლავ გაფართოებულ შეხვედრაზე სხვადასხვა დარგების სპეციალისტებსა და UNESCO-სთან ერთად განიხილავენ და მხოლოდ ამ გზით შედგენილი სამოქმედო გეგმის მიხედვით მოხდება შემდგომი ნაბიჯების გადადგმა გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალისხმევით, გელათში არსებული მდგომარეობა მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს საქართველოში ჩამოსულმა UNESCO-ს მაღალკვალიფიციურმა ექსპერტებმა ადგილზე შეისწავლეს. ექსპერტები გაეცნენ გელათის კედლის მხატვრობის მდგომარეობას და აიღეს სინჯები. მათ ასევე, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, შეისწავლეს გელათის ძირითად ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებული ხარვეზების შედეგად შექმნილი მდგომარეობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930