გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოკუპირებული აფხაზეთიდან, იდენტიფიცირებული 4 პირის ნეშტი გადმოასვენეს

14-08-2021

თითქმის 30 წლიანი მცდელობის შემდეგ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, 1992 წლის 5 ოქტომბერს, გაგრაში ბრძოლების შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგული ბატალიონ ‘’ორბის’’ წევრის, კონსტანტინე ანდრიაძის ნეშტი ოჯახს დაუბრუნდა; მას დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ასევე, იდენტიფიცირებულ და გადმოსვენებულ იქნა უკრაინული სამხედრო-პატრიოტული ორგანიზაცია ‘’უნა-უნსოს’’ მეომრის, ლეონიდ ტკაჩუკის ნეშტი, რომელიც 1993 წლის 19 ივლისს, სოფელ შრომასთან აფხაზურ-რუსულ ფორმირებებთან, კავკასიელ კონფედერატებთან და კაზაკებთან შეტაკებების დროს დაიღუპა და სოხუმში, კურჩენკოს პარკში იყო დაკრძალული; მას, ოჯახის გადაწყვეტილებით, ხვალ, ლვოვში, თანამებრძოლების გვერდით, საძმო სასაფლაოზე დაკრძალავენ. ოჯახების თხოვნით, სოხუმიდან იქნა გადმოსვენებული აფხაზი ბოევიკების მიერ საკუთარ ეზოში დახვრეტილი ცოლ-ქმრის_ ალექსანდრე ჯანჯღავას და ვენერა დიხამინჯიას და აფხაზი სეპარატისტების მიერ წამებით მოკლული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის ცალკეული სარემონტო-აღდგენითი ბატალიონის მებრძოლის, აჩიკო კამკიას ნეშტებიც, რომელთაც, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.


კოტე ანდრიაძე_ დაიბადა 1967 წლის 14 ივლისს, თბილისში. 149-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახური მონღოლეთში გაიარა. იყო ბატალიონ’’ორბის’’ მებრძოლი. გაგრაში, 1992 წლის 5 ოქტომბერს, ბოლო ბრძოლის შემდეგ, ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად.


ნინელი ანდრიაძე, კოტეს დედა: ‘’ბავშობიდან თავისებური, მტკიცე და პრინციპული ხასიათი ჰქონდა_რასაც იტყოდა, ყოველთვის ასრულებდა, ვერავინ დაუდგებოდა მის განზრახვას წინ... არავის მოატყუებდა, სძულდა ტყუილი; გამორჩეულად თბილი და მოსიყვარულე იყო; სამშობლო და ყველაფერი ქართული ძალიან უყვარდა, ტრადიციების მოყვარული და მიმდევარი გახლდათ თავისი ცხოვრების წესით, ამიტომაც შევიდა’’ტრადიციონალისტთა კავშირში’’, დეპუტატადაც უნდა ეყარა კენჭი,მაგრამ როცა მეგობრებმა დაურეკეს საბუთების მისატანად, უპასუხა_ მე აფხაზეთში მივდივარო... ვიცოდი, რაც არ უნდა მეთქვა, მაინც წავიდოდა, ვერ გადავაფიქრებინებდი... განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლევან აბაშიძის დაღუპვის ამბავი შეიტყო_ძალიან განიცადა და ვიცი, სწორედ მაშინ, საბოლოოდ გადაწყვიტა, ომში წასულიყო... ეროვნულ მოძრაობაში ახალჩართული იყო, როცა მან და მისმა მეგობრებმა_ შვიდმა ბიჭმა, გადაწყვიტეს, რომ პუშკინის პედაგოგიური ინსტიტუტისთვის სახელი გადაერქმიათ და სულხან-საბა ორბელიანის სახელი მიენიჭებინათ. არაფერი გვაქვს ალექსანდრე პუშკინის საწინააღმდეგო, დიდი რუსი პოეტია, მაგრამ პედაგოგიურ ინსტიტუტს, საქართველოში, უმჯობესია, დიდი ქართველის, საზოგადო მოღვაწის და აღმზრდელის, სულხან საბა ორბელიანის სახელი ეწოდოსო.’’ განათლების მინისტრი გურამ ენუქიძე იყო. მასთან მივიდნენ, გამზადებული აბრა მიუტანეს; თავად გურამმა ჩამოხსნა ძველი აბრა და მიაკრა ახალი_ პირველი ლურსმანი, აბრაზე, სწორედ მან დააჭედა.
... 22 სექტემბერს, სახლში, მეგობრებთან ერთად მოვიდა; ისადილეს... კოტე წავიდა, წყალი გადაივლო, სამხედრო ფორმა ჩაიცვა, ჩანთა აიღო, დაშლილი ავტომატი შიგნით ჩადო (არც ვიცოდი, ავტომატი თუ ჰქონდა) ვკითხე, დედი, სად მიდიხარ-მეთქი და აფხაზეთში მივდივარ, ბიჭებს იარაღი უნდა ჩავუტანოთ, მაგრამ პირობას გაძლევ, ოთხშაბათისთვის აქ ვიქნებიო...თუმცა, დედისთვის მოცემული პირობა, ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელადაც, ვერ შეასრულა..აეროპორტში წამოგყვები, გაგაცილებ-მეთქი, ვთხოვე, არაფრით არ წამიყვანა_ პატარა ბავშვი ხომ არ ვარო.. გულმა რაღაცნაირად, რეჩხი მიყო... ბოლოს, მამამისის დაბადების დღეზე, 1992 წლის 2 ოქტომბერს, დილის 8 საათზე, გაგრიდან დამირეკა_ გია ყარყარაშვილთან ერთად, საქმეზე მივდივართ, მამას მიულოცე ჩემს მაგივრად, ბოდიში მოუხადე, რომ ახლოდან ვერ ვულოცავ, მე და დათო (ბეჟაშვილი,მისი მეგობარი და თანამებრძოლი) ერთად, მალე ჩამოვალთ და მივულოცავთ მამას. მაგრამ ერთი სათხოვარი მაქვს, მაჯის საათი დავკარგე კამანისკენ ერთ-ერთი ბრძოლისას, ახალი მიყიდე და დამახვედრეო. ოღონდ მშვიდობით დამიბრუნდი, დედი და აუცილებლად დაგახვედრებ-მეთქი... მას მერე, ჩემი შვილის ხმა არ გამიგია... და იმ ხმის მოგონებას ინახავს ჩემი გული_შვილის მონატრებით დაღლილი და დაფლეთილი...


5 ოქტომბრის მერე აღარავის უნახავს... კოტეს გაუჩინარების შემდეგ, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა_ მივატოვე სამსახური, ჩემი ბიზნესი და დავიწყე კოტეს ძებნა. ჩემნაირი მშობლები გავერთიანდით, ჩამოვაყალიბეთ ფონდი’’მოლოდინი’’, რომლის გამგეობის თავმჯდომარეც მე ვარ. ძალიან ბევრ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით,ინფორმაციებს ვაგროვებდით ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულების შესახებ; რამდენიმეჯერ ვიყავი აფხაზეთში, კერძოდ, ოჩამჩირეში, ლაბრაში და იქ, აფხაზ დედებს შევხვდით _ჩემნაირ გამწარებულ დედებს, ვინც საკუთარ შვილებს ეძებდნენ_ცოცხალს თუ მიცვალებულს.. რამდენიმეს მივეხმარეთ კიდეც საკუთარი დაკარგული შვილის საფლავის პოვნაში.


... 14 ივლისს დაბადების დღე ჰქონდა, 54 წლის გახდა, 16-ში კი, მითხრეს, რომ გაგრაში, ჩემი კოტეს საფლავი უპოვიათ და ნეშტი იდენტიფიცირებულია... გავქვავდი... აღარაფერი მახსოვს, ან რა მითხრეს, ან რა ვუპასუხე...29 წელი,უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა და არც ერთი წამით არ დამიშვია, რომ კოტე ცოცხალი არ იყო, მე მას, როგორც ცოცხალს, ისე ვეძებდი, ლოცვებში, როგორც ცოცხალს,ისე ვიხსენიებდი... 29 წელი ველოდებოდი..ეს იყო მოლოდინის, ენით აუწერელი ტკივილის 29 წელიწადი, რომელსაც მხოლოდ ჩემნაირი დედა თუ გაიგებს! მისი რამდენიმე მეგობარი, მინიშნებით კი ამბობდა და შემთხვევით მოვკარი ყური, რომ კოტე დაიღუპა, მაგრამ წამითაც არ დამიშვია, რომ ეს სიმართლე იყო.. 4 წელი ისე დავდიოდი აფხაზეთში მოლაპარაკებებზე, რომ ერთ-ერთი აფხაზი მაღალჩინოსანი გაოცებული იყო: ’’ ერთხელ როგორ არ თქვი, რომ შენი შვილიც უგზო-უკვლოდ დაკარგული იყოო’’..


..ახლა, საბოლოოდ წარმეკვეთა იმედი, რომ ცოცხალია, განადგურებული ვარ, მაგრამ ის მაინც ვიცი, ახლა, სად იქნება ჩემი შვილი, სად მივიდე, სად ვესაუბრო... სად მოვიკლა ოდნავ მაინც მონატრება, სად დავიტირო...14 აგვისტოს, კოტეს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ_იმ გმირების გვერდით, რომლებიც ასე დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დაუბრუნდნენ ოჯახებს... მაგრამ გეფიცებით, თან თითქოს, იმ დედების წინაშე, თავს რაღაცნაირად დამნაშავედ ვგრძნობ, ვინც ჯერ კიდევ ევედრება ღმერთს, თავიანთი უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილების პოვნას...
... აქვე მინდა,დიდი მადლობა გადავუხადო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომელიც უზარმაზარ საქმეს აკეთებს ჩემნაირი, გამწარებული მშობლებისთვის, მოლოდინად ქცეული ოჯახებისთვის... მათი ღვაწლი მართლაც შეუფასებელია!


ლეონიდ ტკაჩუკი _ უკრაინული სამხედრო-პატრიოტული ორგანიზაცია უნა-უნსოს წევრი.


იგორ მაზური_ ‘’უნა უნსოს’’ მებრძოლი, ლეონიდ ტკაჩუკის თანამებრძოლი_ ლეონიდი კიევში დაიბადა, მაგრამ მშობლების დაშორების შემდეგ, მამასთან_იგორთან ერთად, ლვოვში ცხოვრობდა. ლეონიდი მამასთან ერთად, იმ უკრაინელი მებრძოლების პირველივე ნაკადს ჩამოყვა, რომლებიც 1993 წლის ივნისის ბოლოს, საქარველოში, აფხაზეთში საომარ მოქმედებებში, ქართველა დასახმარებლად ჩამოვიდნენ. თხუთმეტამდე მებრძოლი ჩვეულებრივი თვითმფრინავით ჩამოფრინდა, რადგან უკრაინის სახელმწიფო, სამხედრო თვალსაზრისით, ოფიციალურად, არ ეხმარებოდა მაშინ საქართველოს. ეს, შეიძლება ითქვას, მოხალისეების დონეზე გაწვდილი დახმარების ხელი გახლდათ სამხედრო-პატრიოტული ორგანიზაციის, უნა-უნსოს წევრების მიერ. მეც ამ ორგანიზაციის წევრი ვიყავი. თუ სახელმწიფოები მაშინ ტრიბუნებიდან ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდნენ, რომ მიიღებდნენ რეზოლიციებს, დაგმობდნენ საომარ მოქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ და საერთაშორისო თანამეგობრობას ‘’ფეხზე დააყენებდნენ’’, ჩვენმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ უნდა აგვეღო ხელში იარაღი, წავსულიყავით და ქართველი ძმების გვერდით, საქართველოს ერთიანობა დაგვეცვა. ამით ქართველებს დავანახვებდით, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვლაპარაკობდით, არამედ ვმოქმედებდით და მზად ვიყავით, ბრძოლის ველზე მოვმკვდარიყავით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის. ლიონია ჯერ მხოლოდ 18 წლისა იყო. დაღუპვამდე ერთი დღით ადრე შეუსრულდა 19 წელი. იმ დღეს სოფელი შრომა ავიღეთ და იქიდან კაზაკები, კავკასიელი კონფედერატები და სომხები განვდევნეთ. ეს იყო 1993 წლის 17 ივლისი. 18 ივლისს კი, ლეონიდს, 19 წელი შეუსრულდა. სხვადასხვა საჩუქრები ვაჩუქეთ, მახსოვს, ვისაც რა მოგვეპოვებოდა_ ლამაზი დანები და ის ნივთები, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარემ გაქცევის დროს დაყარა. 7 რუსი ჯარისკაცი დარჩა ბრძოლის ველზე.. მეორე დღეს, როცა რუსები შეტევაზე გადმოვიდნენ, შეტევის პირველივე წუთებში, რამდენიმე ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ჩვენთან ახლოს იდგა ახალციხის ბატალიონი. ამ დანაკარგების შემდეგ, ბატალიონმა, უკანდახევა დაიწყო; ჩვენი ალყაში მოქცევის საშიშროება იდგა და ბრძოლით უკანდახევა დავიწყეთ. ლიონია ჩვენს რამდენიმე მეგობართან და მეთაურთან _ ვალერი ბობროვიჩთან ერთად იყო, რომელმაც, მოგვიანებით, აფხაზეთში ჩვენი შენაერთის ბრძოლების შესახებ წიგნიც კი დაწერა და მასში, ეს ეპიზოდიცაა აღწერილი... მე ორ ქართველ და ორ უკრაინელ მეომართან ერთად, მარჯვენა ფლანგზე ვიბრძოდი, ლეონიდი კი_ მეთაურთან და ჩვენს მებრძოლებთან ერთად_ მარცხენა ფლანგზე. დავინახე, როგორ გადარბოდნენ ისინი ერთი სახლიდან მეორეში, როგორ აფეთქდა რამდენიმე ნაღმი, რის შედეგადაც, ლიონია მძიმედ დაიჭრა. ჩვენს მეთაურს კი ტყვიამ ხელი გაუგლიჯა_ იდაყვში მოხვდა და მძიმე ჭრილობა ჰქონდა. დავიწყეთ დაჭრილების გამოყვანა. ამ დროს, ლეონიდს ტყვია მოხვდა, ის ხელით მიყავდათ, რადგან თავად არ შეეძლო სიარული, მე კი დაფარვას ვუკეთებდი ერთ ქართველ მებრძოლთან ერთად, რომელსაც ტყვიამფრქვევი და ‘’კალაშნიკოვი’’ ჰქონდა.უკანდახევის დროს, ჩვენი შენაერთის ერთი მებრძოლი, უკვე დაღუპული ვნახეთ_სერგეი ობუხი. მტერი ძალიან მოგვიახლოვდა, სადღაც 100 მეტრში იყო, ცხადი გახლდათ, რომ სერგეის ცხედარს ვეღარ წავიღებდით და იქვე, მოფარებულ ბუჩქებში დავასვენეთ და აკაციის ტოტები დავაფარეთ. ვხედავდი ჩვენებს, რომელთაც დაჭრილი ლიონია მიყავდათ. მთებში, ზემოთ მივდიოდით, ამ დროს კოკისპირული წვიმა წამოვიდა, რამაც გადაადგილება გაგვირთულა. მთებში კიდევ რომ ავიწიეთ, ქართული არტილერია წამოგვეშველა_ სოფლის მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რადგან გვქონდა ინფორმაცია, რომ მტერს, უკვე, სოფელი დაკავებული ჰქონდა... ის იყო ვუახლოვდებოდით იმ მანქანას, რომელიც ლეონიდის მამამ საიდანღაც იშოვნა და რომლითაც დაჭრილი ლიონია უნდა გაგვეყვანა, რომ მანქანამდე, სადღაც 50 მეტრში, მტრის ტყვიამ ჩაგვიარა და ლიონიას გულმკერდის არეში მოხვდა. ეს უკვე დასასრული იყო... წამში მისი მზერა გაიყინა.. ჩვენი თანამებრძოლი ლიონიას მამისკენ გაემართა, მე კი, ამ დროს, მას თვალები დავუხუჭე...მამამისმა გადაწყვიტა, მისი ვაჟი სოხუმში დაეკრძალა, რადგან იგი საქართველოსთვის დაეცა..სოხუმის დაცვისას...
ლიონია და კიდევ რამდენიმე ქართველი, სოხუმში კურჩენკოს პარკში დაკრძალეს.


შემდეგ, აფხაზებმა, უფრო სწორად კი მთელმა იმ ხროვამ, რუსების ხელმძღვანელობით, ვინც საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა, შეთანხმება დაარღვია... მშვიდობიან მოქალაქეებსაც ხოცავდნენ, ძარცვავდნენ, ანადგურებდნენ, წვავდნენ... ჩვენ, როგორც შეგვეძლო, ვიბრძოდით, თუმცა, იქ, დაახლოებით, ოცამდე უკრაინელი ვიყავით მხოლოდ, რადგან შეთანხმების შემდეგ, უნა-უნსოს მებრძოლები უკრაინაში დაბრუნდნენ, რადგან მათაც ეგონათ, რომ მშვიდობა დამყარდა. ისევე,, როგორც ახლა ჩვენთან, უკრაინაში ხდება- მინსკის შეთანხმების მერე, რუსეთი, ჩვეული წესით აგრძელებს ბრძოლებს და უკრაინის ოკუპაციას. ჩვენთან, მართალია, ისეთი შტურმები არაა, როგორც თქვენთან იყო, სოხუმში, თუმცა, რუსებს ყოველ დღე შეუძლიათ, ‘’სიურპრიზების’’ მოწყობა...


ასე დარჩა ლეონიდი სოხუმში..როცა სოხუმისთვის მიდიოდა ბრძოლები, ჩვენ ვეღარ შევძელით საფლავის ამოთხრა და მისი ცხედრის გადასვენება... ეს მაშინ წარმოუდგენელი იყო.. აფხაზებმა მისი და სხვების საფლავები, კურჩენკოს პარკში, ტრაქტორით გადაასწორეს...
და ახლა, ერთი თვის წინ, წითელი ჯვრისა და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად, სამარხი გაიხსნა და ლეონიდის ნეშტი იქნა იდენტიფიცირებული მამამისისგან აღებული დნმ-ის ნიმუშების მიხედვით. როცა მამამისმა ამის შესახებ შეიტყო, ძალიან ცუდად გახდა _ვერ გაუძლო ემოციებს და ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში მოხვდა. ახლაც შეუძლოდაა და სწორედ ამიტომ მომცა მე მინდობილობა, რომ მისი შვილი მისთვის, 28 წლის შემდეგ ჩამეყვანა... და მე აქ ვარ_საქართველოში, რათა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული უკრაინელი ლეონიდ ტკაჩუკი, სამშობლოში გადავასვენო და 15 აგვისტოს, ლვოვში, საძმო სასაფლაოზე იმ ბიჭების_ სერგეი ობუხის, რომან გალაზიკას გვერდით დავკრძალო, რომლებიც, ასევე, საქართველოს ერთიანობას შეეწირნენ…


ლეონიდ ტკაჩუკს, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი მიენიჭა.


აჩიკო კამკია _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის ცალკეული სარემონტო-აღდგენითი ბატალიონის მებრძოლი. დაიბადა 1935 წლის 14 დეკემბერს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში. ცხოვრობდა სოხუმში, მიმინოშვილის ქუჩაზე.


ელგუჯა კამკია_ აჩიკო კამკიას ვაჟი: ‘’მე თავად მოხალისეთა რაზმში ვიბრძოდი. მამა 22 სექტემბერს, ბატალიონიდან სახლში მოვიდა, ცოტა დაისვენა, დედას და ჩვენ დაგვხედა და უკან ბრუნდებოდა, როცა გზაზე უცხო პირები, სავარაუდოდ, აფხაზები ან კონფედერატები შეხვდნენ. მიხვდა, რომ ეს უცხო პირები ჩვენებს არ გავდნენ, ამიტომ მეზობლის ეზოში შევიდა და იქიდან გაექცა მათ. ისევ ბატალიონში დაბრუნდა, სადაც დაახლოებით ორი დღე დაჰყო. უკვე სოხუმში ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო და ომის ბედიც ცხადი გახლდათ, ამიტომ გადაწყვიტა, სახლში დაბრუნებულიყო დედაჩემის გამოსაყვანად. ქალაქი, ფაქტობრივად, მტერს უკვე აღებული ჰქონდა_ მტერი ქალაქში, ჩვენი ქუჩიდან შემოდიოდა; მამამ სახლში მისვლა ვერც კი მოასწრო_ სახლთან ახლოს დაიჭირეს აფხაზებმა და წაიყვანეს თავიანთ ე.წ. შტაბში, რომელიც ჩვენს ქუჩაზე იყო განთავსებული. რამდენი დღე იყო იქ, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ისევ აფხაზებისგან შევიტყვე, რომ წამებითაა მოკლული.. რამდენიმე დღე აწამებდნენ და მერე, დანით, შუაზე, ჯვარედინად გადაჭრეს!


მამას იქ ყველა იცნობდა... მასთან ერთად, ჩვენი მეზობელი, ბერძენი კაციც მოკლეს და იქვე დატოვეს დახოცილები! შემდეგ, მკვლელებს, ჩვენი მეზობელი სომეხი ეროვნების კაცისთვის უთქვამთ, შტაბის ეზოში ორი გვამია, მიდი, დამარხე, სანამ სუნი აუვაო.. ამ სომეხს, რამდენიმე დღის შემდეგ, მეზობლებისთვის უთქვამს, რომ იქ ვიპოვნე მკვდარი აჩიკო, გადასაფარებელში გადავახვიე და იქვე, მიმინოშვილის ქუჩაზე, მესამე ჩიხში დავასაფლავეო... დედამ, სამი კვირის განმავლობაში, არაფერი იცოდა, თუმცა, გრძნობდა, რომ მეზობლები რაღაცას უმალავდნენ. შემდეგ, რუსი ეროვნების ქალს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფს, გაუმხელია დედაჩემისთვის ეს ამბავი. დედას იმ სომეხმა მეზობელმა აჩვენა მამაჩემი სადაც დაკრძალა; შემდეგ კი, ჩვენი აფხაზი ნათესავების დახმარებით, დედამ იქიდან გადმოასვენა მამა და სოხუმში, იაშტუხას სასაფლაოზე დაკრძალა... თავად სოჭში გადაფრინდა, იქიდან ჩამოვიდა თბილისში და ეს ამბავი გვიამბო... დედა 2003 წელს გარდაიცვალა.. დღეს, წითელი ჯვრისა და სახელმწიფოს დახმარებით, მამა გადმოასვენეს და აქ დავკრძალავთ, დედის გვერდით. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო წითელ ჯვარს და ყველას, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა...ახლა, ის მაინც გვაქვს ოჯახს ნუგეშად, რომ აღდგომას, მამის საფლავზე, წითელ კვერცხს გადავაგორებთ, მივალ და პატივს მივაგებთ...’’
ალექსანდრე ჯანჯღავა (18.03.1915_02.10.1993) ) და ვენერა დიხამინჯია ( 27.12.1927 -02.10.1993) _ ეს ასაკოვანი ცოლ-ქმარი სოხუმში, ჯგუბურიას ქუჩაზე ცხოვრობდნენ. 1993 წლის 2 ოქტომბერს, აფხაზმა სეპარატისტებმა, ისინი, საკუთარი სახლის ეზოში დახვრიტეს. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მათი ვაჟი, ელგუჯა, აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა. საკუთარ ეზოში, უმოწყალოდ დახვრეტილი ცოლ-ქმარი, მეზობლებმა, იქვე, ეზოში დაკრძალეს... 28 წლის შემდეგ კი, შვილებმა, მათი გადმოსვენება, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და სახელმწიფოს ძალისხმევის შედეგად შეძლეს. ‘’უკვე დავბერდი, მაგრამ დედ-მამის გადმოსვენების შემდეგ, თითქოს, წელში გამივამართე... მშობლები ახლა აქ მყავს...სიტყვით ვერ გადმოგცემთ, ისეთი განცდაა ’’_ განაცხადა მათმა ვაჟმა, ელგუჯა ჯანჯღავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930