19-08-2021
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მას თურქმა კოლეგამ, ჰულუსი აკარმა უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ თურქეთის თავდაცვის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში გაწევრიანების გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა ათწლეულების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მხრიდან გაწეული პრაქტიკული დახმარების მნიშვნელობა.
მხარეებმა ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მიმართულებებზეც იმსჯელეს. საუბარი შეეხო საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობას, საერთაშორისო მისიებში ერთობლივ ნაყოფიერ მონაწილეობას და ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ასევე შეხვდა რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში იონ ოპრიშორს.