კობა კობალაძე უკრაინაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს
25-08-2021
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, უკრაინაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობს.
კობა კობალაძესთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნების უსაფრთხოებისა და საპროცედურო წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, პროფესორმა, დოქტორმა პატრიკ ზენსბურგმა და ლიტველ მეომართა კავშირის წევრმა, უკრაინის დახმარების ჯგუფის კოორდინატორმა, ჰაროლდას დაუბლისმა. აღნიშნილ პირებთან შეხვედრა, უკრაინის ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციის, "უკრაინის ვეტერანთა მოძრაობის" ხელმძღვანელის, ვლადიმერ ლაგუტასა და ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, კირილ სერგეევის ორგანიზებით გაიმართა.
კობა კობალაძემ, შეხვედრის მონაწილეების თხოვნით, ისაუბრა საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურის, ადმინისტრაციული მოწყობის, უწყების ბენეფიციართათვის ჯანდაცვისა და სოციალური კუთხით სახელმწიფოსა და სამსახურის კოორდინირებული მუშაობით განხორციელებულ პროგრამებსა და იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა დასაძლევადაც, მნიშვნელოვანია მეგობარი ქვეყნების თანადგომა. მან, მასპინძლებს, უწყების მუშაობის გამოცდილება გაუზიარა. მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა ქვეყნებში ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური კუთხით განვითარების პრაქტიკასა და სახელმწიფოს აღმშენებლობაში მათი ინტელექტუალური პოტენციალის, გამოცდილების ეფექტურ გამოყენებაზე. საუბარი შეეხო ყველა იმ საკითხს, რომლებიც საზოგადოებაში ვეტერანთა უფრო ფართო ინტეგრაციას უკავშირდება. მხარეებმა განიხილეს შემდგომი თანამშრომლობისთვის პერსპექტიული გეგმები და პროექტები.
უკრაინის ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაცია "უკრაინის ვეტერანთა მოძრაობა" უკრაინაში, ვეტერანთა 410 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს და მასში 1 200 000 ვეტერანია გაწევრიანებული. ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს უკრაინის ვეტერანების საქმეთა სამინისტროსთან და მასთან ერთად მუშაობს ისეთი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაზე, რომლებიც, უმთავრესად, ვეტერანების სოციალურ-ეკონომიკური პირობებისა და პოსტ-ტრამვული მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. ვინაიდან უკრაინაში რუსეთთან საომარი მოქმედებები ჯერ კიდევ გრძელდება, ქვეყანაში ომის ვეტერანთა, მეომართა და მოხალისეთა ფსიქო და ფიზიკური რეაბილიტაციის საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია; ამ კუთხით, საერთაშორისო პარტნიორების თანადგომით, არა ერთი პროექტი ხორციელდება. "უკრაინის ვეტერანთა მოძრაობა" აქტიურად თანამშრომლობს კანადის, გერმანიის, ბალტიის ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ვეტერანთა ორგანიზაციებთან.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ უკრაინის ვეტერანების საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ლევჩუკი და უკრაინის ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში, ვეტერანების საქმეთა სამინისტროს შექმნასა და სტრუქტურულ ჩამოყალიბებაში, უკრაინულმა მხარემ, ამერიკის შეერთებული შტატების რეკომენდაციით, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გამოცდილება გაიზირა, რის გამოც, სამსახურის წარმომადგენლობითი დელეგაცია რამდენიმეჯერ იმყოფებოდა უკრაინაში; ამავე მიზნით, საქართველოს, 2019 წელს, უკრაინის ვეტერანების საქმეთა მინისტრიც სტუმრობდა.
კობა კობალაძე, უკრაინაში, უკრაინის ვეტერანების საქმეთა მინისტრის, იულია ლაპუტინას ოფიციალური მიწვევით იმყოფება. სამსახურის დირექტორი უკრაინის ვეტერანთა IV საერთაშორისო ფორუმს "უკრაინა არის იქ, სადაც ვართ ჩვენ"დაესწრო, რომელიც, წელს, უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავს მიეძღვნა.