27-08-2021
ზუსტად ვიცი, ჩვენ წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევებია, თუმცა, ისიც ვიცი, როგორ უნდა დავძლიოთ ისინი, როგორ უნდა გადავიყვანოთ ჩვენი მუნიციპალიტეტი, თითოეული სოფელი და ქალაქი სენაკი განვითარების ახალ ეტაპზე. მზად ვარ საკუთარი ცოდნა, უკვე მერის რანგში მოვახმარო მშობლიურ მუნიციპალიტეტს და ქვეყანას" - განაცხადა „ქართული ოცნების" სენაკის მერობის კანდიდატმა ვახტანგ გადელიამ წარდგენაზე.
მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ შეუძლებელია, არ დააფასო ის ძალიან დიდი შრომა, რომელიც „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ცენტრალურმა თუ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გასწია იმისთვის, რომ დღეს სენაკი ყველა მიმართულებით ბევრად წინ ყოფილიყო, ვიდრე ეს 2012 წელს იყო.
„სიამაყით და პასუხისმგებლობის გრძნობით ვივსები, როდესაც ვაცნობიერებ, რომ მაქვს შესაძლებლობა ჩემს უსაყვარლეს მხარეს, მშობლიურ ხალხს ვემსახურო. სენაკი სამეგრელოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქია, რომლის შესახებ ისტორიული ცნობები ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით თარიღდება. განსაკუთრებული პატივისცემის ღირსია აქ მცხოვრები მშრომელი, პატიოსანი, საკუთარ მხარესა და სამშობლოზე შეყვარებული ხალხი, რომელიც მარტივად ახერხებს ცუდისა და კარგის, რეგრესისა და პროგრესის, საქმისა და უსაქმურობის გარჩევას. შეუძლებელია, არ დააფასო ის ძალიან დიდი შრომა, რომელიც „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ცენტრალურმა თუ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გასწია იმისთვის, რომ დღეს სენაკი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ბევრად წინ ყოფილიყო, ვიდრე ეს 2012 წელს იყო. მიუხედავად ამისა, თქვენ ბევრად უფრო მეტს იმსახურებთ.
ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევებია, თუმცა, ისიც ვიცი, როგორ უნდა დავძლიოთ ისინი, როგორ უნდა გადავიყვანოთ ჩვენი მუნიციპალიტეტი, თითოეული სოფელი და ქალაქი სენაკი განვითარების ახალ ეტაპზე. დარწმუნებული ვარ მხარს დამიჭერთ, მე კი, ჩემის მხრივ, მზად ვარ საკუთარი ცოდნა, უკვე მერის რანგში მოვახმარო მშობლიურ მუნიციპალიტეტსა და ქვეყანას. მოუთმენლად ველი გამარჯვებას, რათა ჩემს გუნდთან ერთად, ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, მოქალაქეების უშუალო ჩართულობით დავიწყოთ იმ გეგმებისა და სტრატეგიის განხორციელება, რომელიც ჩვენი რაიონის კეთილდღეობის ხარისხის ზრდას განაპირობებს. ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ.
მინდა წარმოგიდგინოთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: გიგა წურწუმია, გრიგოლ მიქაია, ბეჟან სანაია, ირაკლი რუსია, ბადრი ხურცია, კობა კილასონია, ლევან ჯინორია, შაქრო კოკაია, კაპიტონ ტორჩინავა, ბადრი შარტავა, ირაკლი ცხვიტავა ' - განაცხადა ვახტანგ გადელიამ.