1-09-2021
ინტერნეტ სივრცეში ქართული მეცნიერების პოპულარიზაციისა და ქართველ მეცნიერთა ცნობადობის გაზრდის მიზნით, 1-ლი სექტემბრიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს – „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“. კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, მოსწავლეებსაც ექნებათ.
კონკურსი რამდენიმე ნომინაციისგან შედგება და საქართველოს მეცნიერებისა და მისი თვალსაჩინო წარმომადგენლების, სამეცნიერო დარგების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და მათი მიღწევების შესახებ საუკეთესო სტატიების გამოვლენას ითვალისწინებს. სამინისტროს მხარდაჭერით კონკურსს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განახორციელებს.
სტატიების მიღება პირველი სექტემბრიდან დაიწყება და პირველ ოქტომბრამდე გასტანს, ხოლო გამარჯვებულები გამოვლინდებიან 10 ნოემბერს. თითოეულ ნომინაციას სამი გამარჯვებული ეყოლება, რომლებიც ფულად ჯილდოს მიიღებენ: I ადგილზე გასული – 1000 ლარის, II ადგილზე – 800, ხოლო III ადგილზე გასული – 500 ლარის ოდენობით.
კონკურსი „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ ერთ-ერთია იმ ღონისძიებებს შორის, რომლებსაც სამინისტრო მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით განახორციელებს. შედეგად, საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა - ვიკიპედია საქართველოს მეცნიერების, მისი დარგებისა და თვალსაჩინო წარმომადგენლების, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა და მათი მიღწევების შესახებ სანდო წყაროზე დაფუძნებული მასალებით შეივსება და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.
მეცნიერების მიმართულების ხელშეწყობა და ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სივრცეში პოპულარიზაცია სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში არაერთი აქტივობა, მათ შორის – სამეცნიერო თემატიკის კონკურსები, მასტერკლასები, გამოფენები, ლექციები და სხვადასხვა სახის შემეცნებითი და სახალისო ღონისძიებები განხორციელდება.
კონკურსის „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://w.wiki/3zfW