გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძემ მომდევნო ოთხი წლის დედაქალაქის განვითარების ექვსი პროგრამული მიმართულება დაასახელა

6-09-2021

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მომდევნო ოთხი წლის დედაქალაქისთვის პრიორიტეტული  პროგრამული მიმართულებები დაასახელა.

როგორც კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაციაზე განაცხადა, ოთხი წლის განმავლობაში, მან და მისმა გუნდმა შეძლო, რომ შეექმნა მყარი ფუნდამენტი ქალაქის სწორი განვითარებისთვის, რაც მომდევნო ოთხ წელშიც გაგრძელდება.

„ჩვენი საარჩევნო სლოგანი გახლავთ „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში". ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ჩვენ უკვე შევქმენით ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი იმისთვის, რომ მოვახდინოთ ქალაქის განვითარება და წინსვლა ყველა მიმართულებით.

წარმოგიდგენთ იმ პროგრამულ მიმართულებებს, რომლებიც ჩვენი მენეჯმენტის პირობებში, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე პრიორიტეტული იქნება:

ურბანული პოლიტიკა - გამოვყოფ თბილისის განვითარების ახალი გენერალური გეგმის მიღებას, რომელმაც ფაქტობრივად, მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ მომდევნო წლებში მოვახდინოთ ქალაქის სწორი განვითარება. მნიშნელოვანი პროექტები განვახორციელეთ თბილისის ისტორიულ ნაწილში. მაგალითად, ორბელიანის მოედნის, დარეჯანის სასახლის განახლება, გუდიაშვილის მოედნის პროექტი, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ის, რომ კანონით ავკრძალეთ სამშენებლო კოეფიციენტების გადამეტება.  ასევე, არცერთი ნებართვა არ გაიცემა სკვერის თუ სპორტული მოედნის ხარჯზე. ეს იყო ჩემი წინასაარჩევნო დაპირება და ამას ვასრულებთ.

გარემოს დაცვის პოლიტიკა - მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო რაიონულ გამგეობებს იმიტომ, რომ ძალიან ბევრი პროექტი იქნა განხორციელებული, როგორც ახალი სკვერების თუ რეკრეაციული სივრცეების მოწყობით, ასევე არსებულების განახლებით. ასევე მნიშვნელოვანი იყო ჰაერის დაბინძურების საკითხი. ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განვახორციელეთ. ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დიდი როლი შეიტანა ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროექტმაც, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.

სატრანსპორტო პოლიტიკა - ჩვენ შემოვიღეთ ზონალურ-საათობრივი პარკირება მთელი ქალაქის მასშტაბით. ნელ-ნელა ამ პროექტით მოვიცავთ ყველა რაიონსა და ქუჩას. დავიწყეთ ავტობუსების განახლების პროცესი. თვალშისაცემია ის, რომ ქალაქში გადაადგილდება სხვადასხვა ზომის - 12, 10 და 8-მეტრიანი ავტობუსები, თუმცა ჩვენ მხოლოდ ავტობუსების პარკის ჩანაცვლებით არ შემოვიფარგლებით. გვინდა, დამატებითი ავტობუსების შემოყვანა. ამასთან, წლის ბოლომდე არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში, ყველაფერი იქნება განახლებული. ასევე, ტაქსების რეფორმის  მესამე ფაზა აუცილებლად გაგრძელდება.

ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკა - ქალაქის მასშტაბით, 20 ბაგა-ბაღი აშენდა და ბაღების განახლების პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. ასევე, დღეის მდგომარეობით, 2 000-მდე ოჯახს დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართები, რომელთა დაკანონებას მოქალაქეები 20-25 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. დიდი პრობლემა იყო კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულები ადამიანები საკითხიც. ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელმაც მოჰკიდა ხელი ამ ურთულეს საქმეს. 3 000-მდე დაზარალებული ოჯახი დაკმაყოფილდება ბინებით. არის კონკრეტული ადგილები, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს. ზოგ შემთხვევაში სამშენებლო ნებართვას ელოდებიან. ზოგი პროექტი კი, უახლოეს მომავალში დასრულდება. ასეთივე პრობლემური იყო დაუმთავრებელ მშენებლობები. ამ მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ და არცერთი ოჯახი არ დაგვრჩება დაზარალებული.

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა - 320 საგანმანათლებლო და ახალგაზრდული პროექტი იქნა დაფინანსებული. ასევე, სპორტული ფედერაციების დასახმარებლად დაახლოებით,   44 მილიონი ლარი იქნა  დახარჯული.  ამასთან, ჩვენ დაგპირდით 10 მულტიფუნქციური კომპლექსის  მშენებლობას მთელი ქალაქის მასშტაბით, თუმცა  პანდემიის  გამო, მხოლოდ ორის დაწყება მოვახერხეთ და დანარჩენს სამომავლოდ გავაკეთებთ. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ყველა სკვერში მაქსიმალურად ვცდილობთ, შემოვიტანოთ ფიტნეს ზონები, სადაც ყველა თაობის ადამიანს ექნება ვარჯიშის საშუალება. სადაც სივრცე გვაძლევს შესაძლებლობას, ვაკეთებთ სარბენ ბილიკს და ველობილიკს.

ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მართვის პოლიტიკა - 2014-2017 წლებში 282 მლნ ლარი იხარჯებოდა ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ჩვენ, მიუხედავად ამ რთული ვითარებისა, დავხარჯეთ 403 მლნ ლარზე მეტი. 1 000-მდე ქუჩის რეაბილიტაცია მოვახერხეთ მთელი ქალაქის მასშტაბით, ყველა რაიონში. თუმცა ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები და გამოწვევები. ჩვენი მიდგომა ასეთია, ჯერ მაქსიმალურად ვაწესრიგებთ კომუნიკაციებს: წყლის სისტემა, წყალარინების ქსელი, სანიაღვრე ქსელი და ამის შემდეგ ხდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

მართვის პოლიტიკას რაც შეეხება, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. 2017 წელს ჩემი დაპირება იყო, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი 1 მლრდ-მდე გაიზრდებოდა. ბიუჯეტი გახდა 1 მლრდ 200 მლნ ლარი. ჩვენ გავაუმჯობესეთ მუნიციპალური სერვისები.  ყველა რაიონში მოვაწყვეთ შესაბამისი სივრცეები, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ნებისმიერ თემაზე მიიღონ პასუხები და ამისთვის არ დასჭირდეთ დედაქალაქის მერიაში მისვლა", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930