გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: იმედი გვაქვს, ევროპასა და აზიას შორის კარიბჭის ნიშას მუდმივად შევინარჩუნებთ

26-05-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კრინიცას ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა და ღონისძიებაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა.


"ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩამობრძანდით საქართველოში. ჩვენთვის უდიდესი პატივია თქვენი აქ ყოფნა და ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩვენ ერთად ვზეიმობთ ამ ფრიად სასიხარულო თარიღს.


მთავრობის სახელით მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა სტუმარს, რომელიც დღეს ჩვენთან ჩამობრძანდა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ჩვენთან ერთად ზეიმობს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, თქვენი ჩამობრძანება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ მხარს უჭერთ ჩვენს ქვეყანას, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ და რეფორმატორ სახელმწიფოს, რომელიც მიისწრაფვის, დაიმკვიდროს თავისი ისტორიულად კუთვნილი ადგილი დიდ ევროპულ ოჯახში.


ჩვენ საკმაოდ რთული გზა გავიარეთ და ბევრი ვიბრძოლეთ თავისუფლებისთვის. მაგრამ, როდესაც მიზანი შენი ქვეყნის თავისუფლებაა და ამაყობ მისი წარსულით, კულტურითა და ტრადიციებით, სულ სხვა ენერგიით ქმნი მომავალსაც.


თქვენ იმ ქვეყნების მეთაურები ხართ, რომლებმაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი ძალიან კარგად იციან. ამიტომაც, საქართველოსთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს, ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ საქართველოში და თქვენთან ერთად გავხსნათ კრინიცას ეკონომიკური ფორუმი თბილისში, რომლის პირველ პანელს ეწოდება „ევროპა გუშინ, დღეს, ხვალ“, რაც ასევე სიმბოლური გახლავთ.


დიახ, ჩვენ ვადასტურებთ, რომ გუშინაც, დღესაც და ხვალაც საქართველო თავისი მისწრაფებებით, კულტურით, ცხოვრების წესით, აზროვნებითა და ტოლერანტობით ცივილიზებული სახელმწიფოების გვერდით დგას და მათთან ერთად ცდილობს, ფეხი აუწყოს თანამედროვე მსოფლიოს და დაძლიოს არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევები.


ჩვენ ვართ გახსნილი ქვეყანა, პატარა, მაგრამ ღია, ლიბერალური ბაზრით და ის გარემო, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ ვქმნით საერთაშორისო ვაჭრობის, ახალი ეკონომიკური კავშირების, ახალი სატრანსპორტო კორიდორების თუ სხვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიმართულებების განვითარებისთვის, ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობასთან ერთად, გვაძლევს განსაკუთრებულ შესაძლებლობას გავხდეთ რეგიონული ჰაბი. ამისთვის ჩვენი მიზანია, სრულად გამოვიყენოთ საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო, საავიაციო და სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალი. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ და შიდასახელმწიფოებრივი დატვირთვის პროექტებზე, რომლებიც მთელს საქართველოს მოიცავს"-განაცხადა კვირიკაშვილმა.


პრემიერის თქმითვე, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას, რომლებიც უზრუნველყოფს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულებას არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვისაც.


"დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ უკვე გვაქვს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან. ამავე მიმართულებით სამუშაო რეჟიმში ვართ ინდოეთთან, ჰონკონგთან და ისრაელთან, რაც საქართველოს თანდათანობით აქცევს დიდი სავაჭრო ურთიერთობების მიმზიდველ პლატფორმად.


ეს მიმზიდველობა გამომდინარეობს სწორედ იმ შედეგებიდან, რომლებსაც საქართველოს მთავრობამ მიაღწია კერძო სექტორთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად.


სულ რამდენიმე დღის წინ მქონდა პატივი, თბილისში მემასპინძლა მსოფლიო ბანკის 10 აღმასრულებელი დირექტორისთვის, რომლებმაც სრული მხარდაჭერა გამოხატეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების მიმართ.


ასევე დადებითად აფასებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. მისიის წევრები მკაფიოდ აფიქსირებენ, რომ რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება, ძალიან პოზიტიურად მოქმედებს ეკონომიკურ აქტივობაზე და სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს მნიშვნელოვნად განმტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯია.


2017 წელი საქართველომ 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელი ასევე ძალიან პოზიტიურად დაიწყო. მარტში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5.6 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია არსებული ვითარების გათვალისწინებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კერძო სექტორს უკავია. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის, უძრავი ქონების, ვაჭრობის სექტორებში და რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდის მთავარი ლოკომოტივი გახლავთ ტურიზმი ჩვენს ქვეყანაში.


დღეს მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ინვესტორების საყურადღებოდ განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ ჩვენ მიერ გატარებულმა მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც შარშან, 2017 წელს დავიწყეთ, ხელი შეუწყო საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდას. 2017 წელს ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა და პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა თითქმის მილიარდ 900 მილიონი დოლარი შეადგინა. ამასთან, 2017 წლის რეინვესტირების შთამბეჭდავი - თითქმის 130-პროცენტით განისაზღვრა, რაც პირდაპირი მინიშნებაა ინვესტორთა მხრიდან ნდობის ზრდასა და ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ პოზიტიურ მოლოდინებზე.


2017 წლის ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი საქონლისა და მომსახურების წმინდა ექსპორტის სახით, საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ შეიტანა. ექსპორტი გაიზარდა 29.1%-ით და 2 მილიარდ 728 მილიონი დოლარი შეადგინა. 2018 წლის იანვარ-აპრილში კი, ევროკავშირში ექსპორტი 24 პროცენტით არის გაზრდილი.


ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რომ საქართველოს გაუმჯობესებული პოზიციები აქვს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში, მათ შორის, მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო პირველ ათეულშია მე-9 ადგილით; „Heritage Foundation”-ის ეკონომიკური თავისუფლების 2018 წლის ინდექსის მიხედვით მე-16 ადგილი გვიკავია, მაშინ როდესაც 2012 წელს 34-ე ადგილი გვეკავა; მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017-2018 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის თანახმად, საკუთრების უფლების დაცვის კუთხით, საქართველო 46-ე პოზიციაზეა, რასაც 2012 წელთან შედარებით 74 პოზიციით გაუმჯობესებული ადგილი ცხადყოფს"-განაცხადა პრემიერმა.


როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, 2017 წლის სექტემბერში სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე. ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველად მოხდა.


"წელს, მარტში კი, სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით. რეიტინგის გაუმჯობესება განპირობებული იყო სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებით 2014 წლის შემდგომ რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური შოკების ფონზე, რაც ეკონომიკის მოწყვლადობის შემცირებასა და ინსტიტუციური გარემოს გაძლიერებაზე მიანიშნებს.

ყოველივე ეს მტკიცე საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ შესრულდეს ხელისუფლების მიერ აღებული ყველა ვალდებულება და შენარჩუნდეს წარმატებული პროგრესი რეფორმების განხორციელების პროცესში.


საქართველო ხშირად მოიხსენიება, როგორც კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის და დიდი იმედი გვაქვს, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, საინვესტიციო მიმზიდველობით, პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი თანადგომით ჩვენ შევძლებთ, ეს მაღალი და საპასუხისმგებლო ნიშა მუდმივად შევინარჩუნოთ და უფრო მეტი წარმატებით განვავითაროთ.


დიდი იმედი გვაქვს, რომ კრინიცას ფორუმი საქართველოში იქნება შესანიშნავი ახალი პლატფორმა ამ შესაძლებლობების გამოყენებისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენი მეგობარი ქვეყნების პრეზიდენტებს ჩამობრძანებისთვის და გისურვებთ წარმატებულ ფორუმს"-აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930