გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია: კახეთში რთველი წარმატებით მიმდინარეობს

10-09-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია რთველის მიმდინარეობას თელავში, საკოორდინაციო შტაბში გაეცნო.
10 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 65 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, რაც თითქმის 4-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. გადამუშავებული ყურძნიდან 15 ათას ტონამდე დასეტყვილი ყურძენია.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, რთველის პროცესში ყველა პირობა შექმნილია, რომ მევენახეებმა შეფერხების გარეშე ჩააბარონ საწარმოებს ყურძნის მოსავალი.


„რთველის საკოორდინაციო შტაბი არის სრულად მობილიზებული, რომ რთველი წარიმართოს შეფერხებების გარეშე. ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჩვენს მევენახებს ყურძნის ჩაბარების პროცესში. დღეიდან დაიწყო განაცხადების მიღება სეტყვით დაზარალებული მევენახეებისთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 26 აგვისტოსა და 2 სექტემბერს კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა, რომლებსაც სრულად გაუნადგურდათ მოსავალი, ერთჯერად დახმარებას მიღებენ" - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.


კერძოდ, ერთჯერადი დახმარების ოდენობა განსაზღვრულია ერთ ჰექტარზე 3,000 ლარით, ხოლო ის ფერმერები რომელთაც 100%-ით დაუზიანდათ მოსავალი, რომელიც უკვე ჩააბარეს და მიიღეს 3000 ლარამდე თანხა მაგალითად 1000 ლარი 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით, სახელმწიფო მათ შეუვსებს დარჩენილ სხვაობას ანუ 2000 ლარს. მევენახეობის კადასტრის სისტემაში რეგისტრირებულ ერთ ფიზიკურ პირზე მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე ჩაბარებული ყურძნისთვის მისაღები/მიღებული თანხის და ერთჯერადი დახმარების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 60,000 ლარს. კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ ერთჯერადი დახმარების მისაღებად განაცხადით უნდა მიმართოს სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონალურ სამსახურს და მუნიციპალურ ცენტრებს.


სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძენი მევენახეებმა 1 კგ რქაწითელი 0,80 ლარად და 1 კგ საფერავი - 1 ლარად ჩააბარეს. ამასთან ერთად, ზარალი აუნაზღაურდებათ სეტყვისგან დაზარალებულ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930