გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: მცხეთა გამორჩეული უნდა იყოს თავისი დღევანდელი დღით და მომავლით

11-09-2021

„ყველა პრობლემის მოგვარებისთვის აუცილებელია სტაბილურობა და სტაბილურობის გარანტი მთელს ქვეყანაში არის „ქართული ოცნება", რომელიც საზოგადოებას არ სთავაზობს დესტაბილიზაციას და აურზაურს, „ქართული ოცნება" მოსახლეობას სთავაზობს, მათთან ერთად დაგეგმოს ხვალინდელი სტაბილური დღე - განაცხადა მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნების" მცხეთის მერობის კანდიდატის დიმიტრი ზურაბიშვილის წარდგენაზე.


მისი თქმით, 90-იანი წლების შემდეგ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო საზოგადოება და ქვეყანა მშვიდობიანად ეტარებინა.

„ჩვენ ეს შევძელით და ვუფრთხილდებით მთავარ ღირებულებას და უფლებას - სიცოცხლის უფლებას. იმ ურთულეს გამოწვევაში, რა გამოწვევის წინაშეც მსოფლიო დგას, ჩვენ შევძელით, რომ არც ერთი პაციენტი, რომელსაც სჭირდებოდა სტაციონარული მომსახურება, ამის გარეშე დარჩენილიყო. მცხეთის მუნიციპალიტეტი ამ გამოწვევის წინაშე გამორჩეულად მომზადებული აღმოჩნდა. არ გაჩერებულა არც ერთი დღე გეგმიური ოპერაციები, სასწრაფო გადაუდებელი მომსახურება, არ გაჩერებულა პირველადი ჯანდაცვის ცენტრი და ასევე ათეულში შემავალი ერთერთი მძლავრი კოვიდ ცენტრი - მცხეთის სამედიცინო ცენტრი. მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. მცხეთაში არის ერთერთი ყველაზე მძლავრი ვაქცინაციის ცენტრი, ყველაზე კომფორტული, რომელიც ეხმარება ასევე დედაქალაქს. მინდა თითოეულ ექიმს, მედპერსონალს, იქ მომუშავე თითოეულ ადამიანს, რომელიც დაუღალავად, 24 საათის განმავლობაში შრომობს თითოეული ჩვენთაგანის სიცოცხლეზე, თქვენი სახელით გულწრფელი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო" - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მცხეთას მორატორიუმის რეჟიმში უწევს ცხოვრება, არ გაჩერებულა არც ინფრასტრუქტურა და არც სხვა მიმართულებები.


ჩვენ თავიდანვე ვიზრუნეთ, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის შეგვექმნა შესაბამისი გარემო, ავაშენეთ სრულიად ახალი 10 საბავშვო ბაღი, 8 სრულიად დანგრეული, უფუნქციო შენობა აღვადგინეთ, პრაქტიკულად 18 ახალი საბავშვო ბაღი შევთავაზეთ ბავშვებს. თუ მანამდე 1000-მდე ბავშვი დადიოდა ბაღში, დღეს 2000ზე მეტია. ბოლო 30 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში არ აშენებულა არცერთი სკოლა. ჩვენ ავაშენეთ 4. რამდენიმე თვის წინ დავასრულეთ ბიწმენდის ისტორიული საშუალო სკოლის მშენებლობა. დღეს იქ არის თანამედროვე სტანდარტების სკოლა. პროფესიულ ტექნიკურ სასწავლებელზეც ვიზრუნეთ. წინამძღვრიანთკარის ისტორიული ტექნიკუმი აღდგენილია და დღეს იქ არის სკოლა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს აღვადგინოთ დღეს უკვე დეფიციტური პროფესიები. ჩვენ ასევე ვიზრუნეთ კულტურის მიმართულებით, წარმოიდგინეთ, ქალაქს, რომელიც არის მაღალი კულტურის ქალაქი, არ ჰქონდა კულტურის ცენტრი. ჰქონდა მესამედ დამწვარი აბსოლუტურად უფუნქციო შენობა. დღეს მის ადგილას არის სკვერი, სადაც მცხეთელები ისვენებენ, კულტურის ცენტრი კი ავაშენეთ, 5 მილიონზე მეტი დაიხარჯა და ერთერთი გამორჩეული ინფრასტრუქტურული პროექტია

მუზეუმ-ქალაქს სტატუსი ჰქონდა, მაგრამ არ ჰქონდა მუზეუმი. 25 ათასი ექსპონატი სარდაფში იყო ჩაყრილი, აბსოლუტურად შეუსაბამო გარემოში. დღეს მუზეუმი აღდგენილია. 9 მილიონიანი პროექტი განხორციელდა და მიმდინარეობს შიდა ინტერიერის მოწყობა, რათა ექსპონატები განთავსდეს.

სპორტის მიმართულებით, პრაქტიკულად სულ რამდენიმე სოფელია დარჩენილი, სადაც არ არის სპორტული მოედანი. განვახორციელეთ გამორჩეული ინფრასტრუქტურული 6 მილიონიანი პროექტი დახურული საცურაო აუზებით. მახსოვს სკეპტიკოსები, რომლებიც გვაძახებდნენ, რომ ეს ვერ გაკეთდებოდა, შემდეგ ვერ იმუშავებდა, დღეს ის არის ყველაზე მაღალი სტანდარტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროექტი, სადაც ამ ეტაპისთვის შეზღუდულ რეჟიმში 590 ბავშვი დადის.


ყურადღების მიღმა არც დევნილები დაგვრჩენია. ჩვენ მათთვის მცხეთაში ავაშენეთ ორი რვა სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და ისინი საკუთარ ჭერქვეშ არიან დღეს.


ჩვენ აღვადგინეთ ხიდი და რადგან წინასაარჩევნო კამპანია გვაქვს, აუცილებელია, რომ ერთმანეთს შევახსენოთ ამ დროს, რომ იქ იყო სრულიად სახიფათო მეწყერული ნიადაგი, სადაც ძირითადი შიდა გზა იყო განთავსებული. 2,5 მილიონი დავხარჯეთ და დღეს თქვენც, ჩვენც და ბევრი სტუმარი უსაფრთხოთ დადიხართ. ასევე დავგეგმეთ ფარნავაზის მოედანზე 9 მილიონის ღირებულების ხიდი, რომელიც მერწმუნეთ, ძალიან ბევრ თაობას გაუძლებს და მინიმუმ 200-300 წელი იქნება. ეს არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ისტორიული საუკუნოვანი პროექტი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საჭიროა გაგრძელდეს მცხეთის რეაბილიტაცია. არის ძალიან ბევრი ადგილი სადაც ისტორია მიძინებულია და ბევრმა აქაურმაც კი არ იცის. მაგალითად ფარნავაზის მოედანზე, სადაც წმინდა ნინო შემოვიდა. სადაც არის სამი ხიდი, ერთი ჩაძირული, ე.წ. პომპეუსის ხიდი, მეორე, რომელიც ახალი შენდება და ასევე დღეს მოქმედი, რომელსაც ჩვენ საფეხმავლო ხიდად ვაქცევთ. ჩვენ გვინდა ფარნავაზის მოედანი აღვადგინოთ და ეს იყოს ერთერთი მთავარი სავესტიბულაციო არეალი მცხეთისთვის. ქვეყნები ლეგენდებს იგონებენ, ჩვენ გვაქვს და უბრალოდ უნდა წარმოვაჩინოთ. ეს იქნება ერთერთი დამატებითი ტურისტული ეკონომიკურად აქტიური ლოკაცია, რომელიც თითოეული ოჯახის შემოსავალი გახდება.


მე ყველას ვთხოვდი და საკუთარ თავსაც, აქტიურად ჩავერთოთ გენგეგმის დასრულების ფაზაში. ქალაქს სჭირდება გეგმა, რომელიც ორ ძირთად მიზანს მოემსახურება - გავუფრთხილდეთ ისტორიულ წარსულს, მემკვიდრეობას, რომელიც არის მსოფლიოს საგანძური და ასევე ქალაქს მივცეთ განვითარების საშუალება. მინდა აქ, მთავარ მოედანზე შეთანხმება ვთქვათ, რომ მხარს დავუჭერთ სტაბილურობას, დღეს სხვა არჩევანი არის სარისკო. დღეს უნდა მყარად გავაკეთოთ არჩევანი, მხარი დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას და შევეცადოთ, ხვალინდელი დღე შევქმნათ უკეთესი, ამიტომ განახლებული გუნდი შემოგთავაზეთ.


დიმიტრი ზურაბიშვილი ძალიან წესიერი კაცია. წესიერებასთან ერთად გამოცდილება და პროფესიონალიზმიც აუცილებელია, ეს ადამიანი სწორედ ამ თვისებებით შევამჩნიეთ და ლიდერების გადაწყვეტილებაც, ჩემი მათთან ერთად, იყო აქედან გამომდინარე. მცხეთაში ყველა სტანდარტი იქნება მაღალი, მერისაც, დეპუტატისაც, საპატიო მცხეთელისაც, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა უკეთესი. მცხეთა გამორჩეული უნდა იყოს თავისი დღევანდელი დღით და მომავლით" - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930