11-09-2021
მოვუსმინოთ ჩვენს ოპონენტებს, რას სთავაზობენ მოსახლეობას, აქვთ კი რაიმე გეგმა, ხედვა, განვითარების იდეას სთავაზობენ? არავითარი, ნული. მათი მთავარი სალაპარაკო არის ხელისუფლების ლანძღვა და დაუსაბუთებელი კრიტიკა, ლანძღვა და ცილისწამება, სხვა მათ არაფერი დარჩენიათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ადიგენის მერობის კანდიდატის, გოჩა ქიმაძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხალხი დაიღალა ამდენი არჩევნებით, დაუმთავრებელი ბრძოლით და კინკლაობით პოლიტიკოსებს შორის, პოლიტიკური ბატალიებით, რომელიც არაფრისმომცემია.
„ჩვენ მათი ხელწერა კარგად ვიცით და მოსახლეობამ კარგად ნახა, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ვერდიქტი გამოიტანა, მივუჩინეთ მათ სათანადო ადგილი და ასე იქნება მუდამ. იმიტომ, რომ მათ ერთხელ დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და მეორედ ამის უფლებას არ მივცემთ, თქვენთან ერთად ჩვენო ძვირფასო ხალხო.
პოლიტიკური ძალა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ძირძველი ტერიტორიების 20% დაგვაკარგინა და ოკუპაცია დააკანონებინა რუსეთს, რა თქმა უნდა, არ იმსახურებს არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, მშვიდად, სტაბილურად ვმართოთ ჩვენი ქვეყანა, არ მივცეთ არავის პროვოკაციის გაკეთების საშუალება და ქვეყანა წავიყვანოთ წინ, გავიყვანოთ სამშვიდობოს. რომელი ხელისუფალი გახსოვთ, რომელი მმართველის პირობებში ყოფილა ასეთი გრძელვადიანი, უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა? ეს არის ერთადერთი შემთხვევა, 8-9 წლიანი გამონაკლისი პერიოდი, როდესაც ქვეყანას არ ჰქონია ომი, რევოლუციები, შიდა დაპირისპირება. ეს მოიტანა" ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა სწორედ ის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურობა და განვითარება ყველა რეგიონში. არსებობს დარგები, სადაც პრაქტიკულად ნულიდან დავიწყეთ მშენებლობა. მონგრეული იყო, მორღვეული იყო მთელი ლაბორატორიები, ყველა ეს საფუძველი, რომელზეც უნდა დაშენებულიყო ქვეყნის შემდგომი განვითარება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანას სჭირდება გრძელვადიანი განვითარების ხედვა.
„პირველ რიგში ხალხმა უნდა იცოდეს რას სთავაზობს მთავრობა, რას აკეთებს, რის გაკეთებას აპირებს. იყო ძალიან ბევრი გეგმა მოკლევადიანი, 4-წლიანი გეგმები იყო, მაგრამ ახლა გრძელვადიან დაგეგმვაზე გადავედით, რომ საერთო დიდ მასშტაბში წარმოვიდგინოთ და ვმართოთ პროცესი. შევიმუშავეთ ყველა მიმართულებით გრძელვადიანი განვითარების ხედვები. დეტალური, კონკრეტული გეგმა არის გაწერილი და აქვს თითოეულ უწყებას, თუ როგორ განავითაროს ესა თუ ის დარგი. ინფრასტრუქტურა, განათლება, სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოება - ყველა მიმართულებით გვაქვს კონკრეტული, ძალიან დეტალური სამოქმედო გეგმა. 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება მომდევნო წლების განმავლობაში, რომ რეგიონები თანამედროვე, ევროპული ტიპის ქალაქებად და რეგიონებად გარდავქმნათ, რომ იყოს გამართული ინფრასტრუქტურა - გზები, ხიდები, 24-საათიანი წყალმომარაგება ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. ამას გარდა, სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს მთავრობა მომდევნო წლების განმავლობაში. ეს გადანაწილებულია თითოეულ წელზე, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და ეს სიკეთე გადანაწილდეს თანაბრად, არ იყოს თავმოყრილი ერთ ქალაქში, რეგიონები თანაბრად განვითარდეს და ჩვენს ძვირფას, მშრომელ ხალხს დავეხმაროთ. ადგილობრივ წარმოებაზე 2,5 მილიარდი ლარი დაიხარჯება, მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება მომდევნო 3-4 წელიწადში. რეგიონების ჭრილში გვაქვს დამუშავებული გეგმები, კიდევ უფრო დეტალურად გავაცნობთ პროგრამებს მოსახლეობას. საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი ახსნა მოსახლეობისთვის, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა ამ პროგრამების ათვისებაში - არა ათასობით, არამედ ასი ათასობით ბენეფიციარი უნდა გვყავდეს და ასეც იქნება. ჩვენ ვიცით, როგორ ვმართოთ. გაგვიკეთებია, გავაკეთებთ და აუცილებლად ასე გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და გალამაზება. ასევე დავიწყეთ „განახლებული რეგიონების" პროგრამა, რომელიც გულისხმობს თანამედროვე ევროპული ტიპის ცენტრების შექმნას და შემდეგ ეს სიკეთე და განვითარება უნდა ჩავიდეს ყველგან. ყველა ქალაქი, ყველა მუნიციპალიტეტი უნდა მოეწყოს თანამედროვე, ევროპული ტიპის ქალაქებად. ქვეყანა უნდა გარდავქმნათ. ქვეყანას სჭირდება მოვლა-პატრონობა და თითოეულ შენობას, გზას თუ ჩიხს, სჭირდება აღდგენა და განახლება", - აღნიშნა პრემიერმა.