გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პეტრა-ციხისძირის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სეზონი დასრულდა

13-09-2021

პეტრა-ციხისძირის ტერიტორიაზე 2021 წლის არქეოლოგიური სეზონი დასრულდა.


ექსპედიცია მუშაობდა ციხის გალავნის №3 კოშკის აღმოსავლეთი კედლის, სამეურნეო ნაგებობის ჩრდილოეთი კედლის, სამნავიანი ბაზილიკის სამხრეთი ნავის სამხრეთი კედლისა და აბანოს ჩრდილოეთ კედლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოხერხდა გვიანი შუა საუკუნეების ფენის შესწავლა, რომელიც ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი კერამიკული თუ ლითონის არტეფაქტებით იყო წარმოდგენილი.


დადასტურდა, რომ ციხის თავდაცვითი და სამეურნეო ნაგებობები სხვადასხვა დროს შეკეთდა. არსებითი ხასიათის სამშენებლო სამუშაოები ადრე და გვიან შუა საუკუნეების ეპოქაში ხდებოდა. ციხის გალავნის №3 კოშკის კედელზე ძველ გალავანთან გვერდით გამოიკვეთა მოგვიანებით მიშენებული გალავნის ნაშთი.


ქრონოლოგიურად აღნიშნულ გალავანს უნდა უკავშირდებოდეს წელს აღმოჩენილი ფლეთილი ქვებისგან შედგენილი და დუღაბით შეკრული წვიმის წყლის სადინარი, რომელიც №3 კოშკის კედელს მიუყვება და გალავანშივე გაკეთებული ღიობით ფერდს ქვევით ჩაედინება.


მიწაყრილისგან გაიწმინდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ დამხრობილი შენობის ნაშთი. გაირკვა, რომ შენობა ორი სხვადასხვა ეპოქის ნაგებობის ნაშთს წარმოადგენს:ერთი მათგანი, ადრებიზანტიური ეპოქისაა, ხოლო მეორე, მოგვიანებით ჩანს მიშენებული.


ადრე შუასაუკუნეების ეპოქის აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოიკვეთა ფლეთილი ქვებისგან ამოყვანილი ჭის კონტურები და აბანოსთან დაკავშირებული ქვების და კერამიკული ფილებისგან შედგენილი სვეტები.


წლევანდელი გათხრებით ციხის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი დაზუსტდა. უფრო მკაფიოდ გამოჩნდა ციხის არქიტექტურული დეტალები, მშენებლობის ტექნიკა.


ექსპედიცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგენტოს დაფინანსებითა და არქეოლოგ გია თავამაიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930