14-09-2021
„მოხარული ვარ, რადგან აუდიტის შედეგებმა აჩვენა და დაამტკიცა, რომ ჩვენს მიერ საქართველოში განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და უფრო მეტიც, უკეთეს შედეგს აჩვენებს, ვიდრე ჩვენს კომპანიაში დამკვიდრებული და მოქმედი საკმაოდ მაღალი სტანდარტი. ჩვენთვის, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, საერთაშორისო რეპუტაციის დაცვა და მაღალი სტანდარტები არსებობის აუცილებელი წინაპირობაა“,- ეს განცხადება დღეს „კანტარ მედიის“ გლობალურმა დირექტორმა კელდ ნილსენმა კომპანია „თი-ემ-აის“ საერთაშორისო აუდიტის შედეგების პრეზენტაციაზე გააკეთა.
„კანტარ მედიის“ გლობალური დირექტორი აცხადებს, რომ მათი კომპანიისთვის, რომელიც მსოფლიოს 50 ქვეყანაშია წარმოდგენილი გამჭვირვალობა და სანდოობა უმნიშვნელოვანესია, სწორედ ამიტომ ყოველთვის მზად არიან აუდიტისთვის.
„გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია აუდიტორული შეფასება. სწორედ ამიტომ ჩვენ მივესალმებოდით „თი-ემ-აიში“ საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას. მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა განმემტკიცებინა გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი, რომელზეც ჩვენი კომპანია დგას, სწორედ ამიტომ „კანტარის“ მხრიდან უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდა „თი-ემ -აიში“ აუდიტის პროცესს“,- განაცხადა კელდ ნილსენმა.
მისივე განცხადებით, დასკვნის შედეგები ძალიან შთამბეჭდავია და იმედს გამოთქვამს, რომ სატელევიზიო და სარეკლამო ინდუსტრიაზე ის პოზიტიურ გავლენას მოახდენს.
„ქვეყნების ძალიან მცირე ნაწილში მოქმედებს ერთდროულად რამდენიმე სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანია, რაც არც ქვეყანასა და არც ინდუსტრიაზე დადებითად არ აისახება. ამიტომ, ბაზრის გასაზრდელად აუცილებელია, რომ ინდუსტრიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით დაადგინოთ ერთი - ძირითადი ვალუტა, რაც სარგებლის მომტანი იქნება მოცემულ ეკოსისტემაში მოქმედი ყველა მხარისათვის. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით თქვენ შეძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას. ეჭვგარეშეა, რომ ორი ვალუტის, არსებობა ბაზარზე სასარგებლო არ არის. სიტყვა ვალუტას ვხმარობ იმიტომ, რომ რეიტინგები ერთგვარი სავაჭრო ვალუტაა. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ აუდიტი შეცვლის ფონს და გააერთიანებს ქართულ ბაზარს, რათა ერთად შეძლონ შემდეგ უკვე გაფართოება’,-ამბობს „კანტარ მედიის“ გლობალური დირექტორი.