15-09-2021
„ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე, მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიგა ახვლედიანთან და საკრებულოს წევრობის კანდიდატ ლევან აბაშიძესთან ერთად, გუდაურის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
ზურაბ აბაშიძემ ადგილობრივ მცხოვრებლებთან წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები განიხილა და მათთან ერთად არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელა.
„ჩემთვის უმთავრესია, მქონდეს მჭიდრო კომუნიკაცია ადგილობრივ მცხოვრებლებთან, ვითანამშრომლო მათთან, რათა ერთად ვაკეთოთ სასარგებლო საქმე და ხელი შევუწყოთ როგორც მთაწმინდის რაიონის ინფრასტრუქტურისა და გარემოს განახლებას, ასევე, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ჩვენი გუნდისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, 4 წლის წინ დაწყებული ქალაქის განვითარებისა და წინსვლის პროცესი მომავალშიც გავაგრძელოთ", – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან საუბრისას.
როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, კახა კალაძის ინიციატივით უკანასკნელ წლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, დღეს ქალაქში სახეზე გვაქვს სრულიად განახლებული სატრანსპორტო სისტემა, არაერთი რეაბილიტირებული შენობა და ქუჩა, მეტი სკვერი, საბავშვო მოედანი, სპორტული სტადიონი და ახალგაზრდული სივრცე. თუმცა, მისი თქმით, კვლავ ხორცშესასხმელი რჩება სხვადასხვა მსხვილი პროექტი და ინიციატივა, რომლებსაც „ქართული ოცნების" გუნდი აუცილებლად განახორციელებს.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზურაბ აბაშიძე მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს სისტემატურ რეჟიმში აგრძელებს.