16-09-2021
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-ფლობის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და თაღლითობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, უკანონოდ მოპოვებული 886 762 ლარის ღირებულების ხის მასალისათვის კანონიერი სახის მიცემის, მისი ლეგალიზაციისა და დამატებითი ღირებულების გადასახადში უკანონო ჩათვლის მიღების მიზნით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები ხის მასალის თითქოსდა მიწოდება-შესყიდვის თაობაზე, რის შემდეგაც აღნიშნული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, უკანონოდ მოპოვებული ხის მასალა გატანილ იქნა საზღვარგარეთ, რა გზითაც ბრალდებულებმა მიიღეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი და პარალელურად შეიქმნეს 94 638 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე, 210-ე, 185-ე, 194-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.