17-09-2021
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ორგანიზებით და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ონლაინ ფორუმი - „ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად" გაიმართა.
ფორუმის მონაწილეებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა მიმართა, რომელმაც პანდემიის დროს სპორტის როლზე, მის მნიშვნელობაზე და იმ ზიანზე ისაუბრა, რომელიც სპორტმა და სპორტსმენებმა პანდემიის პერიოდში განიცადეს.
„კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამ ეტაპზე ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს და აღნიშნულის შესახებ ონლაინ ფორუმის მონაწილეებმა საზოგადოებას დროული აცრისკენ და ვაქცინაციის გაკეთებისკენ კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ. და ამ ჩვენ მოწოდებას სრულად იზიარებენ ჩვენი წარმატებული სპორტსმენები და სპორტის სფეროში მოღვაწე პროფესიონალები. მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინირებული ადამიანი იცავს არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას, არამედ მის ირგვლივ მყოფ საზოგადოების ნაწილს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჯანსაღი ცხოვრება და ფიზიკური აქტივობა ადამიანებს იმუნიტეტის გამომუშავებაში კიდევ უფრო მეტად ეხმარება", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ონლაინ ფორუმზე, სადაც 500-მდე დაინტერესებული პირი დარეგისტრირდა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ,
პარასპორტსმენმა, ნინა თიბილაშვილმა, საქართველოს რაგბის ნაკრების მთავრამა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა და სპორტული მედიცინის წარმომადგენლებმა მიიღეს.