26-09-2021
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ამომრჩეველთა ერთიან სიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა.
როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა: „საარჩევნო ადმინისტრაციამ დაასრულა ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობის პროცესი. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 შეადგენს.
თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 1 002 900-ს, აქედან 41 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.
ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც წელს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან მათ 2 ოქტომბრის კენჭისყრის დღისთვის უსრულდებათ საარჩევნო ასაკი, არის - 39 135.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა განახლებული ბაზა 15 სექტემბერს გადაეცა. საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაამუშავა აღნიშნული მონაცემები, განახორციელა საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით დაყოფა და განახლებული ამომრჩეველთა ერთიანი სია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე ყველასათვის ხელმისაწვდომია.
არჩევნების გამოცხადებიდან დღემდე ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი და ოჯახის წევრების მონაცემები და საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობა ცესკოს ვებგვერდზე ამომრჩეველებმა გადაამოწმეს 1 015 186-ჯერ, სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით კი 18 121-ჯერ.
ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის.“
ნათია იოსელიანის განცხადებით, დღეიდან დაიწყო 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი და მიმდინარეობს 9 სტამბაში. აღნიშნულ პროცესს აკვირდებიან როგორც ცესკოს წევრები, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.