28-09-2021
დანიის არქიტექტურისა და დიზაინის სამეფო აკადემიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ონის ფილიალის გახსნის შესახებ - ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
"ჩვენი ქალაქისათვის და ქვეყნისათვის მიღებულ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინტენსიური მოლაპარაკებები როგორც ხსენებულ აკადემიასთან, ისე შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან. მოლაპარაკების წარმატებით დასრულების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დანიის სამეფოში საქართველოს საპატიო კონსულმა და რაჭის დიდმა მეგობარმა, ქალბატონმა მარიანა ბოლსმა.
განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ სამეფო აკადემიის ონის ფილიალის გახსნისთვის დანიის მთავრობის მიერ საწყის ეტაპზე გამოყოფილ იქნება 1 მლნ დანიური კრონა (=0.5 მლნ$).
პროექტის დაფინანსებას განახორციელებს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული „ახალი დემოკრატიის ფონდი“ (The New Democracy Fund) „ახალი თანამშრომლობის ფონდის“ (The New Cooperation Fund) ჩართულობით.
სამეფო აკადემიის შესაბამისი დელეგაცია ქალაქ ონს სამუშაო ვიზიტით ოქტომბრის ბოლოს ეწვევა, რა დროსაც განისაზღვრება სამეფო აკადემიის ონის ფილიალის დაფუძნებისათვის საჭირო ღონისძიებები" - აცხადებენ ონის მერიაში.