გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში უპრეცედენტო პროგრესი გვაქვს ევროკავშირთან და ნატოსთან მიმართებით

29-09-2021

„ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში უპრეცედენტო პროგრესი გვაქვს ევროკავშირთან მიმართებით, ნატოსთან მიმართებით, გვაქვს რეალური, ხელშესახები პროგრესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ცალკეული ინდივიდების მიმართ გაკეთებული განცხადებები არ ნიშნავს უარს საქართველოს გაცხადებულ პოლიტიკასა და სურვილზე, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გულისხმობს.


„კარლ ჰარცელს თუ ვინმე გააკრიტიკებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ ევროკავშირში ინტეგრაციაზე? მე ვიყავი ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი პირველად, როცა ხელი მოვაწერე ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო რეჟიმის პროგრამა წარმატებულად დავხურეთ და ქვეყანამ მივიღეთ უვიზო რეჟიმი, ამოქმედდა JTEC ნატოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, აქვე, თბილისში, კერძოდ კრწანისში; თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან - უამრავი პროგრესი გვაქვს ყველა მიმართულებით. ამერიკასთან მიმართებაში არაერთი ხელშესახები პროგრესი გვაქვს, რომელიც მანამდე არ ყოფილა. სააკაშვილის მმართველობის დროს ამერიკის მთავრობის მხრიდან დადებული იყო ემბარგო იარაღის მოწოდების თაობაზე. მხოლოდ ჩვენი მმართველობის დროს გახდა შესაძლებელი აღნიშნული ემბარგოს, აკრძალვის მოხსნა და მოგეხსენებათ, რამდენიმე წელია აშშ-დან, როგორც დახმარების სახით, ასევე შესყიდვებით ვიღებთ უახლეს, თანამედროვე შეიარაღებას. ეს არის ერთი მარტივი, ძალიან მნიშვნელოვანი, საგულისხმო გადაწყვეტილება, რომელიც ამერიკის მთავრობამ მიიღო. უმაღლეს ნიშნულზე იყო თუნდაც ამერიკის დახმარება, რომელიც თავდაცვის მიმართულებით იყო გამოყოფილი ჩვენი მმართველობის პირობებში. ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი. ნორმალურია, მეგობრებს შორის კრიტიკაც ხდება, ხანდახან უსიამოვნო საუბარიც, ჩხუბიც, ეს ხდება ყველა საზოგადოებაში, ეს ხდება ოჯახშიც, ძმებს შორის, ეს ნორმალური პროცესია. მათ უნდათ, ჩვენ კიდევ უფრო იდეალური გავხდეთ. ჩვენ ვართ ძალიან დიდი პროგრესის მომსწრენი, მაგრამ უნდათ, რომ იდეალურები ვიყოთ. ჩვენ ვაფასებთ მათ ამ დამოკიდებულებას, სურვილს და ვიღწვით, რომ ეს სრულყოფილების გზა ბოლომდე გავიყვანოთ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ცალკეული ინდივიდების მიმართ გაკეთებული განცხადებები არ ნიშნავს უარს ჩვენს გაცხადებულ პოლიტიკასა და სურვილზე, რომელიც სხვათა შორის კონსტიტუციაში ჩაიწერა ჩვენი მმართველობის დროს ჩვენივე ინიციატივით. მგონია, რომ გადაჭარბებულია ასეთი შეფასებები. ვფიქრობ, ზოგადად არ არის სასურველი ერთმანეთის მიმართ კრიტიკული განცხადებების საჯაროდ კეთება. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, უშუალო ურთიერთობა და მეგობრობა. მე არ ვგულისხმობ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ ბატონ ჰარცელს. საერთოდ ვამბობ დიპლომატებს, კონგრესმენებს, ევროპარლამენტარებს და შეგვიძლია, ნებისმიერი საკითხი მეგობრულ, ნორმალურ ატმოსფეროში განვიხილოთ და გადავწყვიტოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930