გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა

29-09-2021

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, ბაქოში, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა.


კომისიის რიგით მე-8 სხდომაზე მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებაზე, სავაჭრო ბრუნვის ზრდის ხელშეწყობასა და ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობების მეტად გაფართოებაზე იმსჯელეს.


საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს არა მხოლოდ მეგობარი და მეზობელი სახელმწიფოა, არამედ ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მისასალმებელია, რომ მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა, რომლის გამართვაზე მხარეები ბაქოში მისი ოფიციალური ვიზიტისას შეთანხმდნენ, ათწლიანი პაუზის შემდეგ, ტარდება.


„ჩემთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდე ბაქოში, ჩვენს მეგობარ და მეზობელ სახელმწიფოში - აზერბაიჯანში, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ჩემი ვიზიტი წელს უკვე რიგით მეორეა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მინდა, გავიხსენო ჩვენი ნაყოფიერი შეხვედრა ჩემი პირველი ვიზიტის დროს და როგორც მაშინ მოვილაპარაკეთ, ახლა ვატარებთ მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის რიგით მერვე სხდომას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის. რიგი ფაქტორებისა და გარემოებების გამო, ეს კომისია, 10 წელია, არ გამართულა, მაგრამ მიხარია, რომ ჩვენ მოვილაპარაკეთ, ვთქვით და გავაკეთეთ და დღეს უკვე შევიკრიბეთ ამ კომისიის ფარგლებში. აზერბაიჯანი საქართველოს არა მხოლოდ მეგობარი და მეზობელი სახელმწიფოა, არამედ ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი ქვეყნის მთავარი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ორმხრივ ურთიერთობებს. თანამშრომლობა ვითარდება ვაჭრობის, ეკონომიკის, მიმართულებით. ინვესტიციების კუთხით, აზერბაიჯანი, რამდენიმე წელია, გამოკვეთილი ლიდერია, ჩვენს ქვეყანაში. დღეს მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომელთანაც ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა. ჩვენ ვისაუბრეთ მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე. ვთქვით, რომ აუცილებელია ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და განმტკიცება და ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგება, კიდევ მეტი ინვესტიციები.


ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე თანამშრომლობა არა მხოლოდ ვაჭრობისა და ეკონომიკის, არამედ, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ჰუმანიტარული თუ კულტურის მიმართულება. მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიის პერიოდში ჩვენ დიდი დახმარება მივიღეთ აზერბაიჯანისგან, ჩვენი მეგობრებისგან, ჩვენი ძმებისგან. მინდა, ამისთვის საჯაროდ გადაგიხადოთ მადლობა.


ჩვენ ბოლო წლებში ვაჩვენეთ დიდი პროგრესი ყველა მიმართულებით, მაგრამ მჯერა, რომ პოტენციალი გაცილებით დიდია და აუცილებელია ამ პოტენციალის სრულად ათვისება. დღევანდელი შეხვედრა იძლევა კარგ შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ განვიხილოთ ყველა მიმდინარე საკითხი და დავსახოთ სამომავლო გეგმები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


საქართველოს მთავრობის მეთაურს ბაქოში ვიზიტისა და მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.


ალი ასადოვის შეფასებით, ბოლო პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეორე ვიზიტი აზერბაიჯანში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობების მაღალი დონის მაჩვენებელია.


„პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგესალმებით აზერბაიჯანში, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება. მოკლე დროის განმავლობაში თქვენ მეორედ იმყოფებით აზერბაიჯანში, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობების მაღალი დონის მაჩვენებელია. სასიამოვნო შთაბეჭდილებით ვიხსენებ თქვენი ბოლო ვიზიტის დროს თქვენთან შეხვედრასა და საუბრებს. მაღალი დონის კავშირები, ორმხრივი ურთიერთობები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში. ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ატმოსფეროში. როგორც მოგეხსენებათ, მომავალ წელს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი სრულდება. დამოუკიდებლობის პერიოდში, ურთიერთნდობასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული ჩვენი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება და მიაღწია სტრატეგიული პარტნიორობის დონეს. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს აქტიური პოლიტიკური დიალოგი. აზერბაიჯანი და საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ყოველთვის უჭერენ ერთმანეთს მხარს. რთულ პერიოდში, ჩვენ ყოველთვის ერთმანეთის გვერდში ვიდექით და თანადგომას ვუწევდით ერთმანეთს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ამ საკითხში თქვენს პოზიციასა და ყურადღებას მაღალ შეფასებას ვაძლევთ. აზერბაიჯანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარებასა და გაძლიერებას. ჩვენი ურთიერთობები ყველა სფეროში მაღალ დონეზეა, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტრანზიტის, ინვესტიციებისა და ჰუმანიტარულ სფეროებში. ჩვენს მიერ ერთობლივად განხორციელებული ფართომასშტაბიანი, ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები ზრდის ჩვენს ეკონომიკურ შესაძლებლობებს. ჩვენი ქვეყნები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ რეგიონის განვითარებაში და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამავე დროს, ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისთვის კარგი შესაძლებლობები გაგვაჩნია ციფრული ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ჯანდაცვის და სხვა სფეროებში. ამ შესაძლებლობების რეალიზებისთვის, ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის ჩატარება აუცილებელი იყო. სხვადასხვა მიზეზების გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ კომისიის სხდომა არ ჩატარებულა. თქვენი ბოლო ვიზიტის დროს, თქვენთან შეხვედრისას ჩვენ ამას განსაკუთრებით ხაზი გავუსვით და სამუშაოების დაჩქარებისთვის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დავალებები მივეცით. კომისია ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. მოხარული ვარ, რომ დღეს ამ კომისიის სხდომას ვატარებთ. ბატონო პრემიერ-მინისტრო, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საუბრები, მიღებული გადაწყვეტილებები და ხელმოწერილი დოკუმენტები ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაფართოებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი წარმატებული იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში", - განაცხადა ალი ასადოვმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930