გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია
ხუთი ქალი, რომლებმაც საქართველოს პირველი კონსტიტუცია შექმნეს

30-05-2018

1918 წლის 26 მაისს ნაშუადღევს, 5 საათსა და 10 წუთზე, თბილისში, გოლოვინის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, რომლითაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა.
დამოუკიდებლობის აქტს მაშინ მამაკაცებთან ერთად ხუთმა ქალმაც მოაწერა ხელი. ისინი პირველი ქართველი დეპუტატი ქალები იყვნენ. აქ სწორედ იმ მამაცი, წარმატებული, მეამბოხე ქალების ისტორიას მოგითხრობთ, რომლებმაც საქართველოს ისტორია შეცვალეს.


მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე


“. . . კამათის დროს არავის ვუთმობდი, მაგრამ როცა კრებიდან გამოვდიოდით, ქუჩაში ბევრ რამეს ვივიწყებდი და ვცდილობდი, მტრული განწყობილება არ დამრჩენოდა მოწინააღმდეგეებთან. უნდა ვაღიარო, რომ ამას არასოდეს ვნება არ მოუტანია ცხოვრებაში არც პირადად ჩემთვის და არც საქმისთვის . . .” – მინადორა ტოროშელიძე, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, მენშევიკი, სოციალური მოღვაწე.


მინადორა ტოროშელიძე იმერელი ქალი იყო, რომელიც ჟენევაში წავიდა სასწავლებლად და იქ მედიცინასთან ერთად მარქსიზმიც შეისწავლა. მოგვიანებით ჟენევაშივე გაცნობილ ქმართან, “ბოლშევიკ” მალაქიასთან ერთად თბილისში დაბრუნდა და აქტიურ “მენშევიკურ” საქმიანობას ეწეოდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი იგი არალეგალურად მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში. თავისი ანტისაბჭოთა მოღვაწეობის გამო, ის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. მინადორას დაუხვრიტეს ქმარი და შვილები.


ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე



ის კრებდა საქალაქო და რეალური სკოლის მოსწავლეებს და ასწავლიდა მათ “მარსელიეზას” სიმღერას; მაგრამ იმ ადგილას, სადაც ნათქვამია: “ვამპირი – მეფე”, იგი ასწავლიდა სიტყვა “მეფისათვის” “ნიკოლოზი” დაემატებინათ. იგი მოსწავლეებს ეუბნებოდა, რომ არ დამორჩილებოდნენ ხელმძღვანელობას და არ ესმინათ დირექტორისთვის – “ბებერი, დრომოჭმული სულელისათვის”. . . . იგივე მახვილაძე ბულვარში სიტყვით მიმართავდა ხალხის ტალღას, სადაც ამბობდა, რომ საჭიროა, ხალხმა თავი მოუყაროს თავის ძალებს, რათა ერთიანი ძალით “არ მივცეთ მომაკვდავ მთავრობას ფეხზე წამოდგომის საშუალება”. სახალხო პროცესიებისას ელენა მახვილაძე ხშირად მიუძღოდა მას წითელი დროშით . . .” – ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, “მენშევიკი”, პირველი პარლამენტის წევრი, მასწავლებელი.
ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე თბილისში დაიბადა და მოგვიანებით ქმართან ერთად სოხუმში გადავიდა საცხოვრებლად; იყო მენშევიკური მთავრობის წევრი.


ქრისტინე შარაშიძე


” …საქართველოში საბჭოთა ხელის უფლების განმტკიცებაზე შემიძლია ვსთქვა რომ აქ არის ხსენებული ძალა უფლება შემოსული რუსეთის წითელი ჯარის საშუალებით რომელიც წარმოადგენს რეალურ ძალას და მთავრობა შემდგარი ქართველებისაგან წარმოადგენს მხოლოდ ფიქციას და ბატონობა საქართველოში არის უცხო ხალხისა . . .”, – ქრისტინე შარაშიძე, “მენშევიკი”, მასწავლებელი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.
ქრისტინე შარაშიძე 1919 წლის დამფუძნებელი საბჭოს და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო. მუშაობდა ჟურნალისტად და მასწავლებლად. აქტიურად იყო ჩაბმული ანტისაბჭოთა მოძრაობაში. არაერთხელ დააპატიმრეს. მისი ოჯახის წევრები კი დახვრიტეს.


ელისაბედ, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძე


” . . .წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ვცნობ; არ უარვყოფ, რომ სადაც კი ვიყავი გადასახლებაში, ყველა ჩემს ამხანაგთან – გადასახლებულ მენშევიკებთან კარგი ურთიერთობა მქონდა და ისინი ჩემთან დადიოდნენ ხოლმე, არ უარვყოფ, რომ მქონდა მიმოწერა ამხანაგებთან, არ უარვყოფ, რომ ყოველთვის მზად ვიყავი და ვარ, დავეხმარო გადასახლებულ ამხანაგებს, რომლებიც მატერიალურ სახსრებს საჭიროებენ, მაგრამ კატეგორიულად უარვყოფ, რომ გადასახლებაში ვეწეოდი რაიმე არალეგალურ, მენშევიკურ საქმიანობას; ყველა ჩემი კავშირი და ამხანაგური დახმარება წარმოადგენდა პირად სურვილს და არ ატარებდა პარტიულ ხასიათს . . .”, – ლიზა ბოლქვაძე, მენშევიკი, დამფუძნებელი კრების წევრი.


ლიზა ბოლქვაძე იმ 5 ქალს შორის იყო, რომლებიც 1919 წელს პირველი არაოფიციალური პარლამენტის ანუ დამფუძნებელი კრების წევრები იყვნენ. ბოლქვაძე რამდენჯერმე დააკავეს, გადაასახლეს და ბოლოს დახვრიტეს თავისი ანტისაბჭოთა საქმიანობის გამო.



ანა სოლოღაშვილი


ანა სოლოღაშვილი, მასწავლებელი, მენშევიკი და ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის გადასახლებული ქალი იყო. გადასახლებამდე ანამ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე მოასწრო, მაგალითად, 1918 წელს ხელი მოაწერა დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციას.


ანა სოლოღაშივილი – 1882 წელს დაიბადა ანა-ოლა სოლოღაშვილი. ერთ-ერთი იმ ხუთი ქალიდან, რომლებიც საქართველოს ისტორიაში პირველი დეპუტატი ქალები გახდნენ.


პარტმუშაკი – 1903 წლიდან ანა სოლოღაშვილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. მოგვიანებით, პარტიაში განხეთქილების შემდეგ “მენშევიკებს” მიემხრო.


პირველი კონსტიტუცია – 1918 წელს ანამ ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, 1919 წელს კი იგი დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს.
ანტისაბჭოთა საქმიანობა – 1921 წლიდან, ანუ საქართველოს გასაბჭოების დღიდან, იგი სხვა მენშევიკების მსგავსად ანტისაბჭოთა საქმიანობას ეწეოდა. 1925 წლიდან ანა მასწავლებლადაც მუშაობდა.


პატიმრობა – 1937 წელს ანა სოლოღაშვილი შინსახკომმა დააპატიმრა. ე.წ “ტროიკამ მას დახვრეტა მიუსაჯა. სოლოღაშვილს ბრალად ედებოდა ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის და „შოვინისტური“ განწყობების დანერგვა, ასევე „მენშევიკთა“ ლიდერ რამიშვილთან კავშირი.



Jam-news.net

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031