გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: დამარცხებული გამარჯვებას ზეიმობდეს ცუდი პრაქტიკაა და ჩვენმა ოპონენტებმა უნდა გაითვალისწინონ

5-10-2021

„საქართველოს გარდა, მომხდარა ჩრდილო კორეაშიც, სადაც დამარცხებული გამარჯვებას ზეიმობდა - ეს ცუდი პრაქტიკაა და ჩვენმა ოპონენტებმა უნდა გაითვალისწინონ",- ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე დეპუტატ არმაზ ახვლედიანის გამოსვლას.


პლენარულ სხდომაზე, მამუკა მდინარაძემ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნებზე ერთი წლის წინანდელი შედეგი გაიმეორა და 47% მიიღო.


„პოლიტიკიდან წავიდა ბიძინა ივანიშვილი, რაც ჩვენი გუნდისთვის არ იყო მარტივი. მან მიიჩნია, რომ ტოვებდა ძლიერ გუნდს და გადადგა ეს ერთი მხრივ, რისკიანი ნაბიჯი. ამის შემდეგ, ცუდად წავიდა გუნდიდან გიორგი გახარია და ფაქტია ის, რომ მან გააკეთა „ნაცმოძრაობის" საქმე. ციფრებმა და შედეგებმა ეს ყველაფერი აჩვენა. გვქონდა 6 თვიანი, ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, „ნაცმოძრაობის" მედიასაშუალებებმა მთელი წლის განმავლობაში აწარმოეს უპრეცენდენტო ფეიკ კამპანია და ბოლო - არჩევნების წინა დღეს სხვა სვლა რომ აღარ ჰქონდათ, ქვეყანაში აღმოჩნდა ძებნილი და კრიმინალი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. მოდით, სიმართლე ვთქვათ, თუკი ვინმე პოტენციური ამომრჩეველი ჰყავდა „ნაცმოძრაობას", ყველა, უკლებლივ, მივიდა არჩევნებზე. და ამ ყველაფრის მიუხედავად, რაც ახლა მე ჩამოვთვალე, „ქართულმა ოცნებამ" გაიმეორა ერთი წლის წინანდელი შედეგი და მან მიიღო 47 %. ბუნებრივია, ეს არის ძალიან კარგი და სუბიექტური რომ არ ვიყო, გულწრფელად მგონია, რომ ეს კი არ არის მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის" კარგი, ეს კარგია ქვეყნისთვისაც იმიტომ, რომ სიძულვილი, ზიზღის ენა, ვერ იმარჯვებს სიკეთეზე, ტყუილი ვერ იმარჯვებს სიმართლეზე, ბოროტება ვერ იმარჯვებს სიკეთეზე. თითქმის ნახევარი ამ ქვეყანაში გვეთანხმება ამ პათოსში",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


მისივე შეფასებით, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს სიმართლეს და სიკეთეს და არა რადიკალურ ძალებს, რომლებმაც, მამუკა მდინარაძის თქმით, ამომრჩეველს პროგრამაც კი არ შესთავაზეს.


„პროგრამის გარეშე გამოვიდა წელს რადიკალური ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე და ბუნებრივია, გაიმარჯვა იმ ძალამ, რომელმაც პროგრამა შესთავაზა და რას აპირებს, მომავალში გააკეთოს, ეს შესთავაზა ამომრჩეველს. ამიტომ იმარჯვებს სიმართლე და ის ადამიანები, რომლებიც საქმეზე არიან ორიენტირებულები. ასე გაგრძელდება და ვინც იქნება საქმესთან ახლოს, ვინც იქნება სიმართლესთან ახლოს, ის ადამიანები და პოლიტიკური ძალები გაიმარჯვებენ ყოველთვის",- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930