6-10-2021
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება, კიევში, უკრაინაში ჰოლოკოსტის ყველაზე მძიმე გამოვლინების მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
დღესვე, კახა კუჭავა დაესწრება ოფიციალურ მიღებასაც, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის მასპინძლობით გაიმართება და რომელშიც უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, მეგობარი ქვეყნების დელეგაციებიც მიიღებენ მონაწილეობას.
„80 წლის წინ იყო უკრაინაში ჰოლოკოსტის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება, რასაც ათი ათასობით ადამიანი შეეწირა. სწორედ მათ ხსოვნას მიეგება პატივი. დღეს ჩვენ ჩამოვედით, რომ 80 წლის თავზე, მათ ხსოვნას კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი. ცერემონია დასრულდება მიღებით, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი უმასპინძლებს. პირადად მე უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოწვევით ვიმყოფები. მიხარია, რომ დღეს აქ ვარ, მათთან ერთად",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.