12-10-2021
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის თანათავმჯდომარეობით, ავსტრიის ქალაქ ვენაში საქართველო - ავსტრიის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-6 სხდომა გაიმართება. აღნიშნული სხდომა ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის პარალელურად იმართება.
კომისიის სხდომაზე განხილული იქნება საქართველო-ავსტრიას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები ისეთი სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და ინვესტიციები, დიგიტალიზაცია, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა, ევროინტეგრაცია და სხვა. სხდომის დასასრულს ხელი მოეწერა თანამშრომლობის ოქმს.
ასევე დაგეგმილია გენადი არველაძის ორმხრივი შეხვედრა ავსტრიის რესპუბლიკის ეკონომიკურ და ციფრულ საკითხთა ფედერალური სამინისტროს ეკონომიკური, ინოვაციური და საერთაშორისო პოლიტიკის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორ ფლორიან ფრაუშერთან, რომლის დროსაც მხარეები ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების შესაძლებლობებს განიხილავენ.
საქართველო - ავსტრიის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-6 სხდომის დასასრულს კომისიის თანათავმჯდომარეები ერთობლივ ოქმს მოაწერენ ხელს.
ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, გენადი არველაძე ასევე მიიღებს მონაწილეობას საქართველო-ავსტრიის ერთობლივ ბიზნეს-ფორუმში, რომელიც ავსტრიის რესპუბლიკის სავაჭრო პალატისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართება. ასევე, სსიპ „აწარმოე საქართველოში"-ს დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან ერთად შეხვედრებს გამართავს ავსტრიული კომპანიების წარმომადგენლებთან.