18-10-2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, ივან კორჩოკს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ყველა სფეროში. საუბარი შეეხო სექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობას, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალს და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას. აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს სლოვაკეთის მხარდაჭერას, კონკრეტული პროექტებისა და მიზნობრივი დახმარების პროგრამების საშუალებით.
ყურადღება დაეთმო პანდემიით შექმნილ გამოწვევებს და მათი გადალახვის პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა COVID-19-ის პანდემიის და მისი შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სლოვაკეთის მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული პროცესს და აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ემზადება 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად. ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე. ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა ასოცირებული ტრიოს ერთგულება საერთო ევროპული მისწრაფებების მიმართ. ხაზი გაესვა ევროკავშირსა და ასოცირებულ ტრიოს შორის გაძლიერებული ჩართულობისა და ინტეგრაციისა და ამ პროცესში სლოვაკეთის აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს სლოვაკეთის ჩართულობას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში.
ივან კორჩოკმა პრემიერ-მინისტრს დაუდასტურა სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე და აღინიშნა, რომ იქ არსებულ ვითარებას ივან კორჩოკი დღეს პირადად გაეცნობა. ირაკლი ღარიბაშვილმა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში სლოვაკი მონიტორების ჩართულობისთვის.