19-10-2021
შვეიცარიის კონფედერაციის ქ.ბერნში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური მრჩეველმა, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და კომუნიკაციების მინისტრმა, სიმონეტა სომარუგამ კლიმატის ცვლილების სფეროში მთავრობათაშორის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულება ითვალისწინებს მთავრობათაშორისი პარტნიორობის გაღრმავებას, რაც ქართულ მხარეს საშუალებას მისცემს, შვეიცარიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელოს ქვეყნისთვის პრიორიტეტული პროექტები კლიმატის ცვლილების გავლენის შესამცირებლად.
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, ორ ქვეყანას შორის გაფორმდა მთავრობათაშორისი შეთანხმება, რომელიც საქართველოში კლიმატის შემარბილებელი ღონისძიებების დაფინანსების საშუალებას მოგვცემს. ეს იქნება კონკრეტული მექანიზმები იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას შევუწყოთ ხელი, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ვიზრუნოთ კლიმატის ცვლილების შერბილებაში არა მხოლოდ საქართველოს წვლილის გაზრდაზე, არამედ ვიმოქმედოთ გლობალურად სათბური აირების შემცირებისთვის”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრაზე, სიმონეტა სომარუგამ აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილების სფეროში მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოსთვის კონკრეტულ სოციალურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას გულისხმობს.
„ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა პარიზის შეთანხმების ფარგლებში ყველასთვის სასიკეთო იქნება და რომ ჩვენ დავნერგავთ მაღალ სტანდარტებს”, - განაცხადა შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური მრჩეველმა.
ქ. ბერნში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტეინის სამთავროშირევაზ ლომინაძე ესწრებოდნენ.