19-10-2021
სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მშვიდ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს არჩევნები, ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ქვეყანამ და ჩვენმა მოსახლეობამ მუდმივი საბოტაჟისგან, რომელიც მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის პარტიისგან მომდინარეობს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების" ამომრჩევლებს თხოვნით მიმართა, რომ არჩევნების დღეს არც ერთი არ დარჩეს სახლში, მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას.
„თითოეულ იმ მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტურები გაიმართება, შეხვედრები დავიწყეთ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებთან, აქტივთან. კიდევ ერთხელ გავიარეთ გეგმები. ჩვენი მთავარი მოწოდება არის, რომ რა თქმა უნდა, ყველა მუნიციპალიტეტში ვიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ. თავისუფალი არჩევნები უნდა ჩავატაროთ მშვიდად, უნდა იყოს სამაგალითო და სანიმუშო, ისეთი, როგორიც პირველ ტურში იყო, რომ დესტრუქციულ ოპოზიციას არ მივცეთ რაიმე პროვოკაციის მოწყობის არც ერთი საბაბი. ბუნებრივია, სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მშვიდ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს არჩევნები და ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ქვეყანამ და ჩვენმა მოსახლეობამ აი ამ მუდმივი საბოტაჟისგან, რომელიც მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის პარტიისგან მომდინარეობს. სრული მობილიზება ნიშნავს იმას, რომ არჩევნების დღეს არც ერთი ჩვენი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში. ძალიან ბევრ ადგილას, ბევრ მუნიციპალიტეტში ჩვენი ბევრი ამომრჩეველი უბრალოდ არ მივიდა არჩევნებზე იქიდან გამომდინარე, რომ მათ სჯეროდათ, დარწმუნებული იყვნენ ჩვენს გამარჯვებაში. ეს არის საკმარისი. მე მინდა ყველა ჩვენს ამომრჩეველს მივმართო თხოვნით, რომ არჩევნების დღეს არც ერთი არ დარჩეს სახლში. ყველანი მივიდეთ და ხმა მივცეთ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.