19-10-2021
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ", როგორც საკუთარი მოსახლეობის მიმართ პასუხისმგებლობიანმა პარტიამ, ყველა მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნოდ ისაუბრა კონკრეტული საქმეებზე. იმ საქმეებზე რაც გავაკეთეთ და რასაც გავაკეთებთ არჩევნების შემდეგ,
მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად მოდელირებულ აღქმებზე და სიძულვილის კამპანიაზე იყო აგებული.
მან „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის ფასადურ პოლიტიკასა და მათ დროს ჩადენილ დანაშაულობებზე ისაუბრა და განაცხადა, „ფასადური პოლიტიკა „ნაციონალური მოძრაობის" სამარკო ნიშნად არის ქცეული, მათ დროს იყო ფასადური დემოკრატია, რადგან მთელი სისტემა დევნიდა განსხვავებულ აზრს და თავისუფალ სიტყვას, სპეცრაზმი არბევდა ტელევიზიას, ასევე სპეციალური სამსახურის მაღალჩინოსნები პრეზიდენტისა და მინისტრების დავალებით სცემდნენ და ასახიჩრებდნენ ოპონენტებს და უბრალო მოქალაქეებს, ვინც მათ თვალში არ მოსდიოდათ.
ფასადური იყო მშენებლობა, გვახსოვს რესპუბლიკური საავადმყოფოს ფასადური გახსნა, როდესაც პრეზენტაციის წინ მიიტანეს სამედიცინო საწოლები და პრეზენტაციის შემდეგ გააქრეს დაუდგენელი მიმართულებით. გორის გვირაბი, რომელიც ოთხჯერ გახსნეს. და ხშირად ობიექტებს ისე ხსნიდნენ, რომ ადგილზე ტელევიზიებს მხოლოდ ბანერები ხვდებოდა.
იყიდებოდა საბავშვო ბაღები, სადაც შესვლას უკრძალავდნენ ბავშვებს და სამაგიეროდ ნაციონალური მოძრაობის საუბნო პარტიული ოფისები იხსნებოდა.
ერთი საჯარო სკოლის ადაპტირება არ მომხდარა 9 წლის მანძილზე, ერთ ბორდიურზე არ მოუწვიათ პანდუსები, ფუნდამენტურ ცვლილებებზე აღარაფერს ვამბობ.
როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქალაქი, რომ მეორადი, ეკოლოგიურად მავნე ავტობუსებით განაახლო ავტოპარკი. თან არც ერთი მათგანი არ იყო დაპატირებული შშმ პირებისთვის.
ფასადური იყო მათი ევროინტეგრაციის პოლიტიკაც, რადგან ვინც ევროკავშირს უწოდებს კოლონიას, ევროპის სასამართლოს კორუმპირებულ კანტორას, ხოლო ევროსაბჭოს რეზოლუციაში საქართველოს უწოდებს აგრესორს, მას სინამდვილეში ქვეყნის ევროპული რადარებიდან გაქრობა სურს".
დეპუტატმა თავის გამოსვლაში „ქართული ოცნების" პირობებში, გაკეთებული საქმეების შესახებაც ისაუბრა. - „მარტო 3 წლის მანძილზე 18 ახალი ბაღი აშენდა, ჯამში 30 ახალი ბაღი აშენდა და 9 ბაღის მშენებლობა 174 სკოლაა აშენებული და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 257-ს. თითოეული მათგანი არის ადაპტირებული.
მავნე ყვითელი ავტობუსები ჩანაცვლდა უახლესი, თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტული ავტობუსებით, ეს არა მხოლოდ თბილისში, არამედ ყველა თვითმმართველ ქალაქში ხორციელდება, ან უკვე დასრულებულია.
არჩევნებიდან არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს უკან დახიოს ჩვენი ქვეყანა, რადგან ფიქრობს, რომ რაც მეტი პრობლემა იქნება ქვეყანაში, მით მეტი შანსი ექნებათ ხელისუფლებაში მოსვლის, სხვა ინტერესი მათ არ გააჩნიათ.
და ამ მავნებლური დამოკიდებულებით სინამდვილეში „ქართულ ოცნებას" კი არა, საქართველოს, ქართულ ეკლესიას და ქართულ სახელმწიფოს ებრძვის ეს მავნებლური ორგანიზაცია.
სიძულვილის პოლარიზაციის და დესტრუქციის დასრულება გადის ზუსტად ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური რადარებიდან გაქრობაზე. რისი გადამწყვეტი თარიღიც 30 ოქტომბერი იქნება, სადაც ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებასთან" ერთად საბოლოოდ დაამარცხებს ნაციონალური მოძრაობას და მასთან ერთად დასრულდება ცილისწამების კამპანია და სიცრუეზე აგებული დღის წესრიგი.
ჩვენ აღარ უნდა დავკარგოთ დრო ამ წარსული პარტიაზე საუბრით და მთელი ენერგია უნდა მოვახმაროთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობასა და წინსვლას", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.