20-10-2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ტექნიკური მხარდაჭერითა და შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) დაფინანსებით მიმდინარეპროექტის „გლობალური ხარისხისა და სტანდარტების პროგრამა საქართველოში“ (GQSP-Georgia)ფარგლებში საქართველოს ლაბორატორიების ასოციაციის (GeLab) ვალიდაციის შესახებ გამართულ ონლაინ შეხვედრას დაესწრო.
„ქართული პროდუქციის წარმოების და ექსპორტის ზრდასთან ერთად, იზრდება მოთხოვნები სტანდარტებზე, სერტიფიცირებაზე და რაც მთავარია, ლაბორატორიულ მომსახურებაზე. შესაბამისად, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში გაძლიერდეს ლაბორატორიული შესაძლებლობები, რათა, ერთი მხრივ, საქართველომ დააკმაყოფილოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მეორე მხრივ, ლაბორატორიულმა სექტორმა შეძლოს ბაზრის საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდება. ამისათვის კი, მნიშვნელოვანია ლაბორატორიების ტექნიკური გადაიარაღება, პერსონალის გადამზადება, კვლევის ახალი მეთოდების დანერგვა, აკრედიტაცია, რაშიც დონორი ორგანიზაციები მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევენ და დიდი მადლობა მათ ამისთვის“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამჟამად, პროექტის GQSP-Georgia ფარგლებში,მიმდინარეობს საქართველოს ლაბორატორიების ასოციაციის (GeLab) ინსტიტუციური გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში არსებული ლაბორატორიების საჭიროების დაკმაყოფილებას არაერთი მიმართულებით. კეძოდ,გაიმართება კონსულტაციები და ტრენინგები აკრედიტაციასა და შესაბამისი სფეროების გაფართოებასთან დაკავშირებით, მოხდება საკვალიფიკაციო ტესტირებები და ლაბორატორიათშორისი შედარებები (PT/ILC), ხელი შეეწყობა ახალგაზრდა კადრების მოზიდვას, გააქტიურდება ურთიერთობა და თანამშრომლობა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან (სამთავრობო ორგანიზაციები, დონორები, ასოციაციები და ა.შ.) და ა.შ. შეხვედრის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან გაიცა რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ლაბორატორიული ქსელის განვითარებას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
პროექტის GQSP-Georgiaპირველ ეტაპზე, განხორციელდა ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა-„ხილისა და ბოსტნეულის შესაბამისობის შეფასების გაძლიერება/ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა". კვლევის დოკუმენტში წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომელიც ეხება საქართველოში არსებული ლაბორატორიების ხელშეწყობას, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა სფეროში მომუშავე ლაბორატორიების გაერთიანებას, არსებული პრობლემების და გამოწვევების იდენტიფიცირებას და მათ აღმოსაფხვრელად, შესაბამისი სერვისების შექმნას და/ან განვითარება-გაუმჯობესებას. კვლევის დოკუმენტის ელექტრონული ვერსიები (ქართულ და ინგლისურ ენებზე) ხელმისაწვდომია UNIDO-ს ვებგვერდზე.
ონლაინ გამართულ შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის და საქართველოში მოქმედი აკრედიტებული ლაბორატორიების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ.