გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია
„ნინო გულწასული დაეცა და დიდხანს ვერ მოიყვანეს გონზე“-ვის ინტრიგებს შეეწირა ალექსანდრე გრიბოედოვი

29-12-2017

ცნობილი რუსი მწერლისა და დიპლომატის, ქართველების სიძის ალექსანდრე გრიბოედოვის გარდაცვალების შესახებ ხმამ თბილისში გვიან მოაღწია.
ასევე გვიან, მკვლელობიდან თითქმის ხუთი თვის შემდეგ მოხერხდა მისი ნეშტის გადმოსვენება საქართველოს დედაქალაქში.
აი როგორ აღწერს გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“ 1954 წელს გამოცემულ ერთ-ერთ ნომერში გრიბოედოვის საქართველოში გადმოსვენებას:
„ნუ დასტოვებ ჩემს ძვლებს სპარსეთში,თუ იქ მოვკვდე. თბილისში მამადავითის მონასტერში დამმარხეო“-უთხრა გრიბოედოვმა სპარსეთში გამგზავრებისას თავის მეუღლეს ნინო ჭავჭავაძეს. საბედისწეროდ ახდა ეს დანაბარები. რუსეთის სრულუფლებიანი ელჩი სპარსეთში, ავტორი უკვდავი კომედიისა „ვაი ჭკუისაგან“-გრიბოედოვი, 1829 წლის 30 იანვარს, გამხეცებული ბრბოს მსხვერპლი გახდა თეირანში.
ალექსანდრე სერგეის ძე გრბოედოვი დაიღუპა ინგლისის დიპლომატიის ინტრიგების შედეგად. ინგლისელებმა დაინახეს, რომ გრიბოედოვი უაღრესად ჭკვიანი დიპლომატი იყო, რომ მისი წყალობით ირანის ხალხში რუსეთისადმი თანაგრძნობა თანდათანობით იზრდებოდა, რაც დაბრკოლებას უქმნიდა ინგლისელი მტაცებლების ზრახვების განხორციელებას. ფანატიკოს ირანელთა ბრბო რუსეთის საელჩოში ინგლისელ დიპლომატთა წაქეზებით შეიჭრა.
ამ ტრაგედიის ამბავმა დაგვიანებით მოაღწია თბილისს. ძვირფასი ცხედარი თბილისის კარიბჭესთან მხოლოდ 17 ივლისს საღამოს მოასვენეს. სამგლოვიარო სვლაში რაღაც სიდიადე გამოკრთოდა და გულს უსერავდა ყველას. საღამოს ბინდი, მაშხალებით გაჩირაღდნებული გარემო, გალავნის თავზე თეთრი ჩადრებით შემოსილი მოტირალი ქალები, ცხედრის ეტლს უკან მომავალი ხალხი, საშინელი ბედი დაღუპული გრიბოედოვისა გულს უკლავდა ყველას, ვინც კი იცნობდა და ვისაც კი უყვარდა.
განსვენებულის ქვრივი, რომელსაც მშვენიერ ახალგაზრდობისას წილად ხვდა განეცადა დიდი უბედურება, საყარაულოსთან დამწუხრებული იდგა თავის ოჯახთან ერთად. მაშხალის პირველმა შუქმა ამცნო მას ძვირფასი ცხედრის მოახლოვება - ის გულწასული დაეცა და დიდხანს ვერ მოიყვანეს გონზე.
ნინო ჭავჭავაძემ აუსრულა მეუღლეს უკანასკნელი ანდერძი და მამადავითის მიწას მიაბარა ძვირფასი ნეშთი. მეტად ხანმოკლე იყო ამ მოსიყვარულე მეუღლეთა ბედნიერება.
თავის წერილში გრიბოედოვი წერდა ახვერდოვას: გადაეცი ნინოს, რომ ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება, მალე, არაუგვიანეს ორი წლისა, მე „წინანდლის განდეგილი შევიქმნები“. ვერ აუსრულდა გრიბოედოვს ეს ნატვრა. წინანდლის ნაცვლად მან სამუდამო ბინა მთაწმინდის მიწაში იპოვა. მის საფლავზე მეტად სადად და გემოვნებით აგებულია ძეგლი მრავალმეტყველი წარწერით: „შენი ჭკუა და საქმენი უკვდავია რუსთა ხსოვნაში, მაგრამ მე რამ მაცოცხლოს ჩემო საყვარელო დაუვიწყარს- ნინოსაგან“.

გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“ (სტილი დაცულია)
Nsp.ge ©

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930