26-10-2021
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტს, ომარ ფხაკაძესა და ფედერაციის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და ველოსპორტში არსებულ გამოწვევებს გაეცნო.
მინისტრის განცხადებით, ველოსპორტის ფედერაცია ერთ-ერთია იმათგან, ვინც ყველაზე დიდი პრობლემების წინაშე დგას და განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებს. ფედერაციას ინფრასტრუქტურის უმწვავესი დეფიციტი აქვს. ერთადერთი ველოტრეკი, რომელიც თბილისში მდებარეობს, სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.
შეხვედრაზე ასევე წამოიჭრა ინვენტარის პრობლემები. კერძოდ, ფედერაციის ბალანსზე საშეჯიბრო ველოსიპედები არ არის, ხოლო სავარჯიშო ველოსიპედების პარკი განახლებას საჭიროებს.
შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ მინისტრის მონაწილეობით მოხდეს ველოტრეკის დათვალიერება და იქ არსებული პრობლემების შესწავლა; სრულყოფილად აღიწეროს ველოსიპედები შესაბამისი მახასიათებლებით და დაისახოს პრობლემების აღმოფხვრის დროში გაწერილი გეგმა; გაანალიზდეს, რა გონივრული პერსპექტივები აქვს ქართულ ველოსპორტს პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის; შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, რომელიც ველოსპორტში ახალგაზრდათა, განსაკუთრებით კი გოგონათა, ჩართულობას უზრუნველყოფს.