29-10-2021
ჩვენი ამოცანაა, აბსოლუტურად მშვიდ ვითარებაში ჩავატაროთ არჩევნები, იყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა, ისე, რომ არავითარი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ამ მიზნით, ხელისუფლებამ საერთაშორისო დამკვირვებლები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მოიწვია.
„მოგეხსენებათ, ეუთო/ოდირის 250-ზე მეტი დამკვირვებელი იმყოფება საქართველოში, ისინი დარჩნენ და ელოდებიან მეორე ტურის დასრულებას, NDI-ი, IRI-ი, უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია იმყოფება და ნახეთ, რომ მართლაც გამორჩეულად მშვიდი არჩევნები ჩავატარეთ, პირველ ტურს ვგულისხმობ. ახლაც, ანალოგიურად, ჩემი სურვილია და ჩვენი ყველას მობილიზებაა, რომ ასეთივე მშვიდი მეორე ჩავატაროთ. ნურავის ექნება ილუზია. რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ეს არის პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნდობის დემონსტრირება. დღეს დაიწყეს საუბარი, რამდენი ათასი ადამიანი გამოვიდა, მე ვიტყოდი, რომ მინიმუმ 100 ათასი. გუნდის ზოგი წევრი მეუბნება 150 ათასს, ზოგი 120 ათასს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. თქვენ ნახეთ, რომ ჩვენი მოსახლეობის უპრეცედენტო რაოდენობა გამოვიდა და მხარი დაგვიჭირა ჩვენ, ნდობის დემონსტრირება იყო გუშინდელი აქცია და რეალურად ხალხის არჩევანის დემონსტრირება იყო, იმისა, რომ მოსახლეობას არ სურს არც ქაოსი, არც დესტაბილიზაცია, არც არეულობა, არამედ მშვიდობა, განვითარება, კეთილდღეობა, სამუშაო ადგილები, სიღარიბის დაძლევა და პანდემიის დამარცხება, აი, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. მომდევნო 3 წელი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ ამ ხალხისთვის, რომლებიც გუშინ გამოვიდნენ და ყველაფერი გავუკეთოთ იმისთვის, რომ რეალური ცვლილებები დაიწყოს ქვეყანაში, განვითარების, პროგრესის, წინსვლის და მეტი კეთილდღეობის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.