გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელმა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ხელმძღვანელებთან ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელების დეტალები განიხილა

3-11-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ახლადდაფუძნებული ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელების დეტალებზე ისაუბრეს.


შეხვედრას ესწრებოდნენ ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორი მარკ ელიოტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის დირექტორი რავი აბდელალი, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრა ვაკრო და ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი სტივენ ჯონსი.


შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს თებერვლის თვეში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დეტალები, რომელიც ქართველოლოგიის პროგრამას გახსნის და პირველ ლექციას წაიკითხავს. ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორის მიწვევით, პრემიერ-მინისტრი ლექციას ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაშიც წაიკითხავს.


როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერებად და ცოდნის გამავრცელებლებად მოგვევლინებიან.


ქართველოლოგიის პროგრამა, რომელიც ფუნქციონირებას ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში დაიწყებს, ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებას და გაცვლას. პროგრამაში გათვალისწინებული იქნება კვლევები კავკასიოლოგიის მიმართულებითაც.


ქართველოლოგიის პროგრამაში ყურადღება გამახვილდება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის აკადემიური და სამეცნიერო კვლევების და სასწავლო გაცვლის შესაძლებლობებზე, ასევე საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების განხორციელებაზე. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებსა და არქივებში, კვლევითი და კოლაბორაციული საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიზნით, ქართველი და ამერიკელი მეცნიერები და მკვლევარები მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას.


ქართველოლოგიის პროგრამის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჰარვარდის ნიუ-იორკის კლუბში, 2021 წლის 22 სექტემბერს გაიმართა.


ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელება 2022 წლის თებერვლიდან დაიწყება. პროგრამას ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი პროფესორი სტივენ ჯონსი უხელმძღვანელებს, რომელიც 40 წელზე მეტია მოღვაწეობს ქართველოლოგიის მიმართულებით და საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების გულითადი მხარდამჭერია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930