6-11-2021
საქართველოს ისტორიაში პირველად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ქართული ენის აკადემიურ დონეზე სწავლებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები იწყებენ. იშვიათი ენების საშემოდგომო სკოლას მასპინძლობს ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებელი ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების დარგში - თეირანის ალამე თაბათაბაის უნივერსიტეტი, კერძოდ, მისი ენისა და ლიტერატურის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი.
საქართველოს ისტორიაში პირველად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ქართული ენის აკადემიურ დონეზე სწავლებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები იწყებენ. იშვიათი ენების საშემოდგომო სკოლას მასპინძლობს ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებელი ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების დარგში - თეირანის ალამე თაბათაბაის უნივერსიტეტი, კერძოდ, მისი ენისა და ლიტერატურის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი. ქართული ენის ონლაინ საშემოდგომო სკოლა ირანელი მსმენელებისთვის 28 ოქტომბერს გაიხსნა და მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე გასტანს. სკოლაში ქართული ენის სწავლების მსურველი 60 მსმენელი დარეგისტრირდა. ქართული ენის კურსს თსუ კურსდამთავრებული და თანამშრომელი, ახალგაზრდა ირანისტი, დოქტორი ეკატერინე გოგალაძე უძღვება. ქართული ენის აკადემიურ სწავლებას სპარსულენოვანი აუდიტორიისთვის ირანში პრეცედენტი არ ჰქონია. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ალამე თაბათაბაის უნივერსიტეტმა მოისურვა „იშვიათი ენების საზაფხულო და საშემოდგომო სკოლების“ ფორმატში ქართული ენის ჩართვა. ეს ფორმატი მხოლოდ ალამე თაბათაბაის უნივერსიტეტს აქვს ირანში და მასში მონაწილეობა, მით უფრო, ონლაინ რეჟიმში, წინასწარი რეგისტრაციის პირობით, შეზღუდული არ არის.ქართველი ირანისტები საერთაშორისო ფორუმებზე თუ ირანის აკადემიურ წრეებთან პირადი შეხვედრებისას ყოველთვის აღნიშნავდნენ ქართული ენის ცოდნის მნიშვნელობას ამ ქვეყნის ჰუმანიტარული მეცნიერებისათვის; მიუთითებდნენ იმ მდიდარ მასალაზე, რომელიც დაცულია საქართველოს კვლევით და საარქივო ცენტრებში ან, სავარაუდოდ, ელის მკვლევრებს ირანის არქივებში; ხაზს უსვამდნენ იმ ღვაწლს, რომელიც ქართველ ირანისტებს მიუძღვით ირანული ენების, სპარსული ლიტერატურის, ირანის ისტორიისა და კულტურის შესწავლის საქმეში. იმისათვის, რომ ეს პროცესი ორმხრივი გახდეს, ირანელებს ქართული ენის შესწავლა დასჭირდებათ. ალამე თაბათაბაის უნივერსიტეტის ინიციატივა - ქართული ენის ონლაინ სწავლების კურსი, შესაძლოა, ირანელი მეცნიერების ფართო წრის დაინტერესების დასაბამი გახდება. ალამე თაბათაბაის უნივერსიტეტის ბაზაზე, რეგიონული კვლევების სტუდენტური სამეცნიერო საზოგადოების ეგიდით 2021 წლის 31 აგვისტოს გაიმართა „ქართული მოთხრობების“ სპარსული თარგმანის ონლაინ პრეზენტაცია მთარგმნელების, ალამე თაბათაბაის უნივერსიტეტის მკვლევრების ზაჰრა ფაზუქიზადესა და მანდანა თიშეიარის, თსუ ირანისტიკის კათედრის ხელმძღვანელის, ასოც. პროფ. თეა შურღაიასა და საქართველოს შესახებ რამდენიმე წიგნის ავტორის, პროფ. ბაჰრამ ამირაჰმადიანის მონაწილეობით. თარგმანი შესრულდა ინგლისური ენიდან. პრეზენტაციაზე აღინიშნა ირანში ქართული ლიტერატურის მიმართ არსებული ინტერესის თაობაზე და გამოითქვა იმედი, რომ უახლოეს ხანებში შესაძლებელი გახდება ქართული მწერლობის ნიმუშების სპარსულ ენაზე უშუალოდ დედნიდან თარგმნა.