8-11-2021
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა №18 პენიტენციური სამსახურის სამკურნალო დაწესებულებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის რისკის მინიმალიზაციისა და შესაძლო გართულებების პრვენციისათვის მოხდა. ამის შესახებ რატი ბრეგაძემ „იმედის" ეთერში ისაუბრა.
„მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე, რომელიც მას უტარდებოდა, და, შესაბამისად, რისკი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო, შეიქმნა მზარდი. შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობის რისკის მინიმალიზაციისა და პრევენციის გამო მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება. იგი განთავსებულია გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
რატი ბრეგაძის თქმით, ნებისმიერი პატიმრის გადაყვანა ამა თუ იმ დაწესებულებაში მიიღება მხოლოდ პატიმრის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალის მხრიდან მისი მეთვალყურეობა სამკურნალო დაწესებულებაში უფრო მჭიდრო იქნება.
„მისი მეთვალყურეობა იქნება უკეთესი და მჭიდრო, ვიდრე ეს იყო №12 დაწესებულებაში", – განაცხადა მინისტრმა.
რატი ბრეგაძემ ისაუბრა პატიმარ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაზეც. მინისტრის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგმა დაადასტურა, რომ არსებობდა გარკვეული რისკები მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით:
„საუბარი იყო იმაზე, რომ, თუკი მოხდებოდა პატიმრის გადაყვანა, მობილიზებული იქნებოდა ადამიანების გარკვეული რაოდენობა, რომელიც შეეცდებოდა გზების ჩახერგვას და ხელშეშლას. ჩვენ გვქონდა სხვა ინფორმაციაც. ამ პატიმრის ირგვლივ არსებული სიტუაცია წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და მის უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას. სწორედ ამ მოტივების გამო იგი იქნა გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში".