16-11-2021
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის შემდგომ გაძლიერებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის შემდგომი გაძლიერების თაობაზე შემუშავებული ხედვა შეკრებილთ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გააცნო და განაცხადა, რომ „მოქმედ კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებები იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი თამბაქოს კონტროლის გაძლიერებასთან მიმართებაში".
საკანონმდებლო ცვლილებების ძირითად პრინციპებზე კი ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თამბაქოს კონტროლის ჯგუფის იურისტმა თამარ აბულაძემ ისაუბრა და ყურადღება იმ საკითხებზე გაამახვილა, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერებას.
გათვალისწინებულია ცვლილებების შეტანა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგადასახადო კოდექსებში.
ინიციატივა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობითა და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით მომზადდა.
საბჭოს სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, პროფესიული ასოციაციების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები.