5-06-2018
იუსტიციის სამინისტრო მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საპროკურორო საბჭოს საიტზე განათავსებს. სამინისტროს უკვე წარედგინა ორი კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე. მათი წარდგინებები და ბიოგრაფიები საპროკურორო საბჭოს საიტზე − http://pc.gov.ge − შემოსვლისთანავე აიტვირთა.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროცესით დაინტერესებულ ყველა პირს შეუძლია, ნახოს წარდგენილი კანდიდატების ვინაობა, რეკომენდატორი ორგანიზაციები და სხვა დოკუმენტები.
პირველი კანდიდატი − პაატა შავაძე, წარდგენილია 18 სხვადასხვა ორგანიზაციისა და პირის მიერ (საქართველოს ანტიკორუფციული პალატა; საქართველოს სისხლის სამართლის ეროვნული ცენტრი; ბათუმის იურიდიული აკადემია; მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“; გაზეთი „აჭარა P.S.“; გაზეთი „ჩემი ქობულეთი“; ტელეკომპანია „TV12“; არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო − კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი“; არასამთავრობო ორგანიზაცია „უდო“; საინფორმაციო სააგენტო „რეგიონის ახალი ამბები“; მოძრაობა „დაიცავი მომავალი“; მოძრაობა „თავისუფალი სივრცე“; მოძრაობა „ბათუმის განვითარების ცენტრი“; მოძრაობა „იპოთეკით დაზარალებულთა ასოციაცია“; ადვოკატი დავით ჯაფარიძე; ადვოკატი თემურ ქავშბაია; ჟურნალისტი ნაირა ქობულაძე; მსახიობი რამაზ ბოლქვაძე; ჟურნალისტი ნატო ბერია); ხოლო მეორე კანდიდატი − ზურაბ ჯორბენაძე − მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს“ მიერ.
საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე ყველა კანდიდატურის წარდგინება და მონაცემები აიტვირთება. დაინტერესებულ პირებს შესაბამისი ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: http://pc.gov.ge/block/Index/468 .
კანონის შესაბამისად, მთავარ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ, პროკურორად ან საერთო, ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ან რომელიც არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი სასწავლებლიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან და რომელსაც აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება. მთავარი პროკურორობის კანდიდატი თავისი ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო მაღალი ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს.
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლის თანახმად, იუსტიციის მინისტრმა − საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ, მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები გუშინ დაიწყო. აკადემიურ წრეებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონით გათვალისწინებული წესით პროკურორობის კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ. კონსულტაციების მიმდინარეობის ერთთვიან პერიოდში მინისტრისათვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, აკადემიური წრეების დაინტერესებულ წარმომადგენელს ან/და სამართლის დარგის სპეციალისტს.
კონსულტაციების შედეგად იუსტიციის მინისტრი კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესახებ წარდგინება უნდა დასაბუთდეს.
იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.
საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატს მეორედ ირჩევს. პირველად არჩევნები 2015 წელს გაიმართა. საპროკურორო საბჭოსათვის წარსადგენი კანდიდატურების შესარჩევად იუსტიციის მინისტრი ერთთვიან კონსულტაციებს აწარმოებდა სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებსა და აკადემიურ წრეებთან.