გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი დაიწყო

25-11-2021

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი დაიწყო.


დღეს, კომიტეტი ორ კანდიდატს - გენადი მაკარიძეს და თამარ ოქროპირიძეს გაესაუბრება.


„ეს პროცესი უპრეცედენტოა საქართველოს ისტორიაში. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ასეთი გამჭვირვალე ფორმა 2019 წლამდე არ არსებობდა. სწორედ, „ქართული ოცნების" გუნდის დამსახურებით ჩვენ შევძელით მიგვეღწია ასეთი გამჭვირვალე პროცესის წარმართვისთვის და ჩვენს საზოგადოებას აქვს პროცესის სრული მონიტორინგის შესაძლებლობა", - განაცხადა იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.


მისი თქმით, ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს და საპარლამენტო უმრავლესობას ექნება სრული შესაძლებლობა გაესაუბრონ წარმოდგენილ კანდიდატებს, დასვან შეკითხვები, როგორც კომპეტენციასთან დაკავშირებით, ასევე კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც უკავშირდება შესაბამისი მოსამართლის ბიოგრაფიას.


„ეს პროცესი არის მაქსიმალურად გამჭვირვალე, რომელშიც მონაწილეობენ, ასევე, არასაპარლამენტო სუბიექტები: სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ სრული შესაძლებლობა დასვან შეკითხვები", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.


მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პლენარულ სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის 111-ე მუხლის - კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის მიხედვით წარიმართება.


შესაბამისად, თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის ფრაქციას „ქართული ოცნება" მიეცემა 75 წუთი, ფრაქციას „რეფორმების ჯგუფი" – 15 წუთი, ფრაქციას „ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის" – 15 წუთი, ფრაქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" – 31 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „გირჩი" – 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „მოქალაქეები" - 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები" – 15 წუთი, ხოლო პარლამენტის უფრაქციო წევრებს, ჯამში, - 33 წუთი.


არასაპარლამენტო სუბიექტებს თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის, ჯამში, მიეცემათ 75 წუთი, ანუ თითო სუბიექტს - 15 წუთი.


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს გენადი მაკარიძის კანდიდატურა 2021 წლის 2 აგვისტოს წარუდგინა, ხოლო თამარ ოქროპირიძის კანდიდატურა - 2021 წლის 15 ნოემბერს.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გასაუბრების პროცესის დასრულების შემდეგ გადაწყდება როდის იქნება მიზანშეწონილი კენჭისყრების ჩატარება.


პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ხვალ, 26 ნოემბერს დასრულდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930