გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
უკრაინული პრესა: საქართველოს ხელისუფლებამ დღემდე ვერ გააცნობიერა, რომ ხალხის მოთმინების ფიალა აივსო

6-06-2018

საქართველოს დედაქალაქში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს უკრაინული გამოცემა «2000» ვადიმ ანასტასიადის სტატიით ეხმაურება.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:


ადამიანთა მოთმინება უსაზღვრო არ არის. შეიძლება ერთხელ მოითმინო, მეორედ, მესამედ... მაგრამ უკმაყოფილება გროვდება და დღეს თუ არა, „მოთმინების ფიალა“ ხვალ მაინც აუცილებლად გაივსება. რაც შეეხება საბაბს... საბაბი ყოველთვის მოიძებნება.


საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნებისათვის“ საგანგაშო სიგნალი ჯერ კიდევ 12-13 მაისს პარლამენტის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციის დროს გაისმა, როცა ახალგაზრდები თბილისის ღამის კლუბებში პოლიციის მიერ ჩადენილი უხეში თვითნებობის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მაშინ ხელისუფლებამ პროტესტების ჩაქრობა მოახერხა. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა: ღამის კლუბების მხარდამჭერი ახალგაზრდობის პროტესტი მოსახლეობის მიერ ნეგატიურად იქნა აღქმული - ბევრი თბილისელი ფიქრობდა, რომ აქციაში ნარკომანებისა და ნარკოსაქმოსნების მხარდამჭერები მონაწილეობდნენ. მაგრამ ახლა საქართველოს პარლამენტის შენობის კედლებთან სხვაგვარი სიტუაციაა: მოსახლეობა აქციაზე მივიდა ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად, რომელსაც შვილი, სკოლის მოსწავლე, დავით სარალიძე 2017 წლის დეკემბერში მომხდარი სისხლიანი გარჩევების დროს დაეღუპა. ჩხუბში მოკლეს აგრეთვე ლევან დადუნაშვილიც (...). სამწუხაროდ, მომხდარი მკვლელობები პროკურატურამ არაობიექტურად გამოიძია და სასამართლომაც ისეთი ვერდიქტი გამოიტანა, რომელმაც არც დაღუპულების ნათესავები და არც პროკურატურა არ დააკმაყოფილა (...).


ათასობით თბილისელი გამოვიდა ამ დღეებში ქუჩებში შვილმკვდარი მამისათვის სოლიდარობის გამოსახატავად, მაგრამ ამ პროტესტს უფრო ღრმა მიზეზები აქვს:


საქართველოში მძიმე ეკონომიკური სიტუაციაა, მოქალაქეები გაჭირვებულად ცხოვრობენ. ის იმედები, რომლებიც პოლიტიკურ არენაზე ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამოღვაწეების გამოჩენას უკავშირდებოდა, არ გამართლდა. რა თქმა უნდა, ასეთ დროს ქვეყანაში თანდათან გროვდება არსებული სიტუაციით გამოწვეული უკმაყოფილება, რაც ბოლოს კონტროლიდან გამოდის და ქუჩაში „იღვრება“ [უკმაყოფილო ადამიანები საპროტესტო აქციას უერთდებიან]. აუცილებელი ხდება გადაუდებელი ზომების მიღება მდგომარეობის გამოსასწორებლად, მაგრამ კონკრეტულად როგორის? ამ კითხვაზე პასუხი არავისთვის საიდუმლო არაა: დაე, „ქართული ოცნების“ მინისტრებმა და პარლამენტარებმა კარგად გაიხსენონ საკუთარი პარტიის დაპირებები, მათში ყველაფერია ნათქვამი!

ვაი რომ საქართველოს ხელისუფლებას დღემდე ვერ გაუცნობიერებია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ: როცა ხალხის მოთმინების ფიალა ავსებულია, პროტესტის საბაბი, როგორც უკვე ვთქვით, ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს. და ყოველი შემდეგი საბაბი კიდევ უფრო დამარწმუნებელი იქნება წინასთან შედარებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930