26-11-2021
"ლეიბორისტულმა პარტიამ" საქართველოს ყოფილი პრემიერი, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიზნესმენი და ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი შალვა ნათელაშვილის შეკვეთილ მკვლელობაში დაადანაშაულა.
როგორც ჟურნალი "სარკე" 2012 წლის 9-15 მაისის ნომერში წერს, ლეიბორისტების მტკიცებით, შალვა ნათელაშვილის ლიკვიდაცია ბიძინა ივანიშვილმა 2007 წლის ნოემბერში დაუკვეთა.
"ნათელაშვილის პარტიაში ამბობენ, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში მოსასვლელად დიდი ხანი ემზადებოდა, კონკრეტულ ქმედებებზე კი რამდენიმე წლის წინ გადავიდა. მან პოლიტიკური ველის გაწმენდა მოინდომა და ეს ნათელაშვილის ლიკვიდაციით უნდა დაეწყო იმ მოსაზრებით, რომ თუ ეროვნულ ძალებს არ გააქრობდა პოლიტიკური ასპარეზიდან, თვითონ არც ხელისუფლებაში მოსვლის და არც ნორმალური ოპოზიციური პარტიის შექმნის შანსი არ ექნებოდა:
- ყველას ახსოვს, როგორ ვითარდებოდა 2007 წლის მოვლენები, როგორ დაარბიეს მიტინგი, როგორ შევარდნენ ტელეკომპანია "იმედის" შენობაში და რა ღონისძიებები გაატარა ხელისუფლებამ. ამ მოვლენების შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილმა დაურეკა ვანო მერაბიშვილს და მისგან შალვა ნათელაშვილის დაჭერა მოითხოვა. გადაწყვიტეს, გაენეიტრალებინათ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელიც ხალხის უდიდესი ნდობით სარგებლობდა. როგორც ბიძინა ივანიშვილის აღიარებაში გამოჩნდა (იგულისხმება ერთ-ერთ გაზეთში დაბეჭდილი ინტერვიუ სტატიის ავტ.), შალვა ნათელაშვილის ლიკვიდაციის მთავარი დამკვეთი სწორედ ის გახლდათ.
ოლიგარქმა დაუკვეთა შალვა ნათელაშვილის დის საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლებაც. მათი თანამშრომლობა წლების მანძილზე გრძელდებოდა.
ბუნებრივია, ამ კონკრეტულ სიტუაციაში მათთვის ბადრი პატარკაციშვილი ფინანსურ პრობლემას წარმოადგენდა, შალვა ნათელაშვილი კი ქარიზმატული პოლიტიკური ლიდერი გახლდათ და სწორედ მათ მიმართ განხორციელდა კრიმინალური ღონისძიებები. მათ მოახერხეს პატარკაციშვილის ლიკვიდაცია.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის გადარჩენა კი აშშ-ის მაშინდელი ელჩის, ჯონ ტეფტის, თეთრი სახლისა და ამერიკული ორგანიზაციების დამსახურებაა. წლების შემდეგ ამ კრიმინალურმა ოლიგარქმა ყველაფერი აღიარა. ჩვენ ივანიშვილი არაერთხელ გამოვიწვიეთ დებატებში და მტკიცებულებები მოვითხოვეთ - აცხადებდა გიორგი გუგავა".
წყარო: ჟურნალი "სარკე"
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge -ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით