გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე კვალიფიკაცია დაამძიმა

6-06-2018

საქართველოს პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის და საქმის მასალების საფუძველზე, საქმეზე შეცვალა კვალიფიკაცია და გამოძიება გაგრძელდება ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლებააღკვეთილი პირის წამების ფაქტზე, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

„საქმეზე გამოძიება რომელსაც აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი, არჩილ ტატუნაშვილის და მასთან ერთად მყოფი პირების ი.პ.-ს და ლ.ქ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და არჩილ ტატუნაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა. გამოძიების ფარგლებში 2018 წლის 31 მაისს მიღებული იქნა არჩილ ტატუნაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა 100-ზე მეტი დაზიანება ჭრილობების, მოტეხილობის, სისხლნაჟღენთების, სისხლჩაქცევებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია და განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მრავალჯერადი მოქმედების შედეგად. დაზიანებები ზოლისებური ფორმის სისხლნაჟღენთების (არანაკლებ 46) სახით განვითარებულნი არიან რაიმე შემოსაზღვრული (ბრტყელი და/ან ცილინდრული) ზედაპირის მქონე საგნის (საგნების) მრავალჯერადი ზემოქმედებით.
შესაბამისად, საქმის მასალებიდან და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებებიდან გამომდინარე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმეზე არსებული კვალიფიკაცია დამძიმდეს და გამოძიება გაგრძელდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა - ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით); 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ); 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (წამება - ჯგუფურად, დაკავებულის ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადოდ ითვალისწინებს“- ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031