29-11-2021
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ ენრიკო ვალვოს მადლობა გადაუხადა იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. იტალიელ დიპლომატთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა იტალიის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის გაუმჯობესებაში.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) საქართველოს სამხედრო პოლიციასა და იტალიის კარაბინიერების კორპუსს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, იტალიელი კარაბინიერების ხელმძღვანელობით, ნოემბერში საქართველოს სამხედრო პოლიციის ოცეულმა სპეციალიზირებული სწავლება გაიარა. აღნიშნული ტრენინგი სამხედრო პოლიციის ოცეულს ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონში გაწევრიანებაში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს. პროექტი ნატოს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის მიერ ხორციელდება და სრულად ფინანსდება იტალიური მხარის მიერ. პროექტის დასრულების შემდეგ გაიზრდება საქართველოს სამხედრო პოლიციის საწვრთნელი შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვანია სამხედრო პოლიციის შემდგომი განვითარებისთვის, ასევე ნატოსთან და პარტნიორ ქვეყნებთან თავსებადობის გაუმჯობესებისთვის.
შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა აღნიშნა იტალიის ჩართულობა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის საქმიანობაში და ხაზი გაუსვა იტალიის რესპუბლიკასთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს, იტალიის ელჩმა სამხედრო პოლიციის სპეციალიზირებული კურსის წარმატებით ჩატარებისთვის სერტიფიკატი გადასცა სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილეს, პოლკოვნიკ კობა ლაჭყეპიანს.