6-06-2018
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან არსებულმა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დევნილთა პროფესიული განათლებისა და მათი თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით განაცხადების მიღება დაიწყო.
„დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სააგენტო ყველა დევნილს, რომელიც 2017-2019 წლებში სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს აუნაზღაურებს.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია დევნილ სტუდენტს, რომლის ფაქტობრივ და/ან იურიდიულ მისამართსა და იმ სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, სადაც იგი ჩაირიცხა მანძილი 2 კმ-ზე მეტია.
პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და ფინანსდება როგორც საზოგადოებრივი (მათ შორის საქალაქთაშორისო), ისე კერძო ტრანსპორტი (საჭიროების შემთხვევაში). განაცხადების მიღება 18 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
„დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა“ 2016 წელს დაიწყო და უკვე 442 დევნილი დაფინანსდა.
რაც შეეხება იმ დევნილებს, რომლებმაც სახელმწიფო პროფესიული კოლეჯები უკვე დაამთავრეს, მათი თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სააგენტო სახელობო იარაღებს შეისყიდის. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური საგრანტო განაცხადები. დასაშვებია მაქსიმუმ 3 განმცხადებლის გაერთიანება. ინდივიდუალური საგრანტო განაცხადის შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე გასაცემი გრანტის მაქსიმალური ოდენობაა 1600 ლარი. საგრანტო პროგრამა 2017 წელს დაიწყო და 49 დევნილ კურსდამთავრებულს, სრულიად უფასოდ, სახელობო იარაღები უკვე გადაეცა.
პროგრამის ფარგლებში შეირჩა კონკრეტული პროფესიები, რომლის კურსდამთავრებულებსაც აქვთ შესაძლებლობა თვითდასაქმების გზით გაიჩინონ შემოსავლის წყარო. წელს ასეთი პროფესიების რიცხვი 52 - დან, 180 - მდე გაიზარდა.
პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ დევნილები, რომლებმაც 2015-2018 წლებში დაასრულეს სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიულ პროგრამაზე სწავლა და აქვთ დამოუკიდებლად საქმიანობისათვის საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევები. მიმდინარე წელს პროგრამით სარგებლობა უკვე შეუძლიათ, 2015-2018 წლების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ სერტიფიცირებულ ბენეფიციარებსაც.
პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, ხოლო განაცხადების მიღება 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.