6-06-2018
რუსული გამოცემა, «Независимая газета» სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტს იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიით ეხმაურება.
სტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით, საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ:
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში სომხებით დასახლებული ჯავახეთის რეგიონის მონახულებით დასრულდა. ეს იყო სომხეთის პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. სამშობლოში იგი ავტომობილით დაბრუნდა, თბილისში აღარ შეუვლია, რადგან ჯავახეთიდან სომხეთი ერთი ხელის გაწვდენაზეა. რეგიონში ყოფნის დროს მას თან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ახლდა.
ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი საკმაოდ რთული რეგიონია. მართალია, მხარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მაინცდამაინც დიდად არ განსხვავდება რეგიონებში შექმნილი ვითარებიდან, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჯავახეთში სიტუაციას ამწვავებს ადგილობრივი სეპარატიზმი, რომლის დონე, ვითარების მიხედვით, ნულოვანიდან შეიძლება სახიფათო ნიშნულამდე მივიდეს. გასულ წლებში წარმოქმნილ დაძაბულობების განმუხტვაში საქართველოს ხელისუფლებას სომხეთის მთავრობა ეხმარებოდა - ერევნიდან, თბილისის თხოვნით ჯავახეთში სომეხი მაღალჩინოსნები ჩადიოდნენ და გაჩაღებულ ხანძარს აქრობდნენ, მაგრამ პრემიერის ჩასვლა მხარის მოსახლეობისათვის უპრეცედენტო მოვლენაა.
დღეს ჯავახეთში სიწყნარეა. მართალია, პრემიერის ჩასვლის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა რომელიღაც „სომხური ჯგუფების“ მოწოდებები, რომ პრემიერმა ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, რომ სომხებით დასახლებულ რეგიონში არაფერი არ შენდებაო, ინფრასტრუქტურა არასახარბიელო მდგომარეობაშია და ა.შ. მაგრამ ჯავახეთი ამ მხრივ გამონაკლისი არაა. რა თქმა უნდა, სომხებისთვის ცხოვრება ძნელია, მაგრამ არც ქართველები არ არიან სამოთხეში.
„ნიკოლ ფაშინიანის ჩასვლა სამცხე-ჯაავახეთში, ცხადია, მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც, რასაკვირველია, მისი ქართველი კოლეგის გიორგი კვირიკაშვილითან იყო შეთანხმებული და მას გარკვეული დატვირთვაც აქვს“, - განუცხადა „ნეზავისიმაია გაზეტას“ სომეხმა პოლიტოლოგმა ჯონი მელიქიანმა. მისი თქმით, ეს ერთგვარი პოლიტიკური მესიჯიცაა მესამე ქვეყნებისათვის: ჯავახეთი არ ითვლება პრობლემად არც სომხეთისათვის და არც საქართველოსთვის, პირიქით, ჯავახეთი ხიდია, რომელიც ორ ქვეყანას აერთიანებს, რომელიც არასოდეს არ მისცემს უფლებას მესამე მხარეს მანიპულაციებისა და თამაშების შესაძლებლობას, სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუარესების მიზნით.
თბილისში ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტის პირველივე დღე შეხვედრებითა და ღონისძიებებში მონაწილეობით აღინიშნა, საქართველოსა და სომხეთის პირველი რესპუბლიკების (1918-1920-1921 წ.წ.) დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ საქართველოს და სომხეთის დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 და 28 მაისს სწორედ თბილისში გამოცხადდა, სომხეთის მთავრობა ერევანში მოგვიანებით გადავიდა. ბევრი ექსპერტის აზრით, ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ერთობლივად მონაწილეობა საზეიმო მიღებებში, გამოსვლები და მილოცვები როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის რესპუბლიკების იუბილესთან დაკავშირებით, პოზიტიურ ფონს ატარებდა.
ჯონი მელიქიანის თქმით, ის, რომ საქართველოს ჯერ პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვია, შემდეგ კი პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი, იმას მოწმობს, თუ რა მნიშვნელოვან როლს ანიჭებს ერევანი თბილისთან კავშირებს: საქართველოსთან ურთიერთობა, რუსეთთან, აშშ-სთან და ევროკავშირთან ერთად, სომხეთის ახალი ხელისუფლებისათვის პრიორიტეტულია.
იმის მიუხედავად, რომ ორივე ქვეყნის ლიდერთა ოფიციალური რიტორიკა მრავალი წლის მანძილზე პოზიტიურ ხასიათს ატარებდა, იყო განცხადებები მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის თაობაზე, დღეს მაინც არის იმის შესაძლებლობა, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და გააქტიურდეს, უფრო წინ წავიდეს“, - უთხრა პოლიტოლოგმა „ნეზავისიმია გაზეტას“. მისი აზრით, ერევანმა უკვე გააჟღერა თავისი ქართული პოლიტიკა და ახლა უკვე თბილისის ჯერია, რომ მანაც გამოხატოს იგივე დაინტერესება სომხეთთან თანამშრომლობის მიმართ.
აქედან გამომდინარე, ორივე მხარის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ერთობლივი მთავრობათაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კომისიის მუშაობის განახლება მრავალწლიანი პაუზის შემდეგ. ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტის წინ სომხურმა მასმედიამ ივარაუდა, რომ პრემიერი აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხს დააყენებდა და შესაბამისად, ნიკოლ ფაშინიანის მოლაპარაკება რთული იქნებოდა. თუმცა, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ „რკინიგზის ამოქმედების დელიკატურ საკითხს სომხეთის არც ძველი ხელისუფლება ეხებოდა და იმედია არც ახალი ხელისუფლება არ შეეხება“.
და მართლაც ასე მოხდა. მხარეებს ისედაც ბევრი რამ ჰქონდათ განსახილველი. ჯონი მელიქიანის თქმით, თუ თბილისი და ერევანი მიმდინარე წელს კომისიის მუშაობის განახლებას მოახერხებენ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ მოტივირებული მუშაობა დაიწყება ორმხრივი ურთიერთობის გასაღრმავებლად - ტურიზმის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში“.