2-12-2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი კავკასიის უნივერსიტეტში პროფესორ შაბთაი ცურისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიას დაესწრო და საპატიო წოდების მიღება მას პირადად მიულოცა.
მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა შაბთაი ცურს ქართულ-ებრაული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
მიხეილ ჩხენკელი: „ჩემთვის დიდი პატივია და ძალიან სასიხარულოა თქვენთან ერთად ყოფნა ამ უაღრესად მნიშვნელოვან და ემოციურ დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ღირსეულ, ებრაელ შვილს, ჩვენი ქვეყნის უდიდეს მეგობარს ენიჭება კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. ბატონი შაბთაი უდაოდ იმსახურებს ამ დიდ პატივს. ის ფაქტი, რომ კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორების ძალიან შთამბეჭდავ ნუსხას ბატონი შაბთაი ცური შეემატა, საამაყოა როგორც თავად კავკასიის უნივერსიტეტისთვის, ასევე მთელი ჩვენი ქვეყნის აკადემიური სივრცისა და ზოგადად მთელი საქართველოსთვის.
სიმბოლურია, რომ საპატიო დოქტორის მინიჭება ხდება ბატონი შაბთაის განსაკუთრებული როლისა და დამსახურებისთვის საქართველო-ისრაელის მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცებისთვის. მართლაც, უაღრესად დიდია ამ ჭეშმარიტად პატრიოტი ადამიანის როლი ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის განმტკიცების საქმეში. ჩვენ ყველანი ვამაყობთ ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მტკიცე მეგობრობით და ბატონი შაბთაი, ისევე როგორც ებრაელთა თემის აქ მყოფი საზოგადოება, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ გრძელდება დღესაც ეს მეგობრობა და დარწმუნებული ვარ, მუდამ ასე იქნება.
ბატონო შაბთაის დამსახურება უაღრესად დიდია როგორც დიპლომატიურ ასპარეზზე, ასევე ადამიანურ ურთიერთობებში. ის ორჯერ გახლდათ ისრაელის ელჩი საქართველოში და შემთხვევითი არ არის, რომ ისრაელის სახელმწიფომ მას ორჯერ მიანიჭა ეს უაღრესად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პოსტი.
ბატონ შაბთაის და მის ოჯახს მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო საპატიო დოქტორის წოდება და წარმატება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი შაბთაი ჩვეული ახალგაზრდული შემართებით კიდევ შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს ჩვენი ქვეყნების უფრო მეტად დაახლოებისა და მეგობრობის განმტკიცების საქმეში“.
პროფესორ შაბთაი ცურს კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიენიჭა.
მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში შაბთაი ცური იკავებდა საქართველოში ისრაელის ელჩის თანამდებობას, ის გახლდათ ქართველი ებრაელების მსოფლიო კონგრესის თავმჯდომარე, ისრაელის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საქართველოსა და კავკასიის საკითხებში, ისრაელში საქართველოს საპატიო კონსული, საქართველოდან ისრაელში ჩამოსულთა ეროვნული და საერთაშორისო გაერთიანების თავმჯდომარე.
შაბთაიცურისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიაში მონაწილება ასევე მიიღეს ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ მახარაშვილმა, საპატიო სტუმრებმა ისრაელიდან.