გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი სააკაშვილზე: ეს არის ადამიანი, ვისაც უყვარს ფუფუნება და ვერ ხვდება, რომ ეს ფუფუნება ქვეყნის ხარჯზე არ უნდა ჰქონდეს

3-12-2021

ეს არის ადამიანი, ვისაც უყვარს საკუთარი თავი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.


„დღეს ვიხილეთ, რომ ეს არის ადამიანი, ვისაც უყვარს ფუფუნება და ვერ ხვდება, რომ ეს ფუფუნება ქვეყნის ხარჯზე არ უნდა ჰქონდეს. დღეს ჩვენ ვნახეთ აღიარება იმისა, რაც დოკუმენტებში არის წარმოდგენილი, მაგრამ ის (სააკაშვილი) ვერ აცნობიერებს, რომ ეს არის დანაშაული. მას (სააკაშვილს) იმდენად საკუთარ ბიუჯეტად და საკუთარ ჯიბის ფულად მიაჩნია ის თანხა, რასაც ჩვენი მოქალაქეები იმ პერიოდში გადასახადების სახით იხდიდნენ, ეს დანაშაულად ვერც კი ჩათვალა. ეს არის ჩვენი გადასახადის გადამხდელი მოქალაქეების დაცინვა, რომლებიც საკუთარი ჯიბიდან იხდიან ფულს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


კორუფციულ დანაშაულზე, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი პროცესი დასრულდა. ექსპრეზიდენტმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მანქანითა და საპოლიციო ესკორტით უკვე დატოვა ტერიტორია.


დღეს მიხეილ სააკაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პროცესი რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყო და არ მოსწონს ისიც, რომ, როგორც თავად ამბობს, სასამართლოში, რამდენიმე საათით ადრე მიიყვანეს. მან ისევ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და ნაკლები ისაუბრა წარდგენილ ბრალზე.

7 ნოემბრის დარბევის მსგავსად, სააკაშვილმა 26 მაისის დარბევაზეც მოიხსნა პასუხისმგებლობა. ამჯერად, დარბევა პოლიციელებს დააბრალა. მიხეილ სააკაშვილმა პროკურორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მას „ბინძური მატყუარა“ უწოდა.


მანამდე, ადვოკატებმა პროკურორის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რას სასამართლომ არ დააკმაყოფილა.


9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშია არიან ბრალდებულები. თანხიდან მსხვილ ნაწილს იკავებს კოსმეტიკური ხარჯები და წარმოდგენილია 721 ათასი ლარით. კოსმეტიკურ ხარჯებში იგულისხმება: მეზოთერაპია, ლიპოსაქცია, მუცლიდან ცხიმის გამოღება, ბოტოქსის ინექცია, სხვადასხვა გამაახალგაზრდავებელი თუ გამაჯანსაღებელი პროცედურა, რომელიც მიღებული აქვს ძვირადღირებულ ქალაქებში, ისეთებში, როგორებიცაა ნიუ-იორკი, მიუნხენი, მილანი, ბადენ-ბადენი, ლონდონი და სხვა.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.


მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930