3-12-2021
ოთხი წარმატებული გამოშვების შემდეგ, GITA-ს მხარდაჭერით, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდი ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi ჰიბრიდული ფორმატით ბრუნდება, რომელიც მონაწილეებს საშუალებას მისცემს, ფესტივალს დაესწრონ, სურვილის შესაბამისად, როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ სივრცეში.
DataFest Tbilisi 2021 შეკრებს მონაცემებზე მომუშავე პროფესიონალებს მთელი მსოფლიოდან - ერთმანეთისთვის გამოცდილების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად. ტრადიციული სამი დღის ნაცვლად, DataFest Tbilisi წელს ხუთ დღეს გაგრძელდება და 7-11 დეკემბერს ჩატარდება. ფესტივალი გააერთიანებს ინსპირაციულ გამოსვლებს, ვორქშოფებსა და დატატონებს.
უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში DataFest Tbilisi-ზე საკუთარი ცოდნა და გამოცდილება აუდიტორიას მსოფლიო დონის 150-ზე მეტმა სპიკერმა გაუზიარა. ფესტივალი წელსაც არ არღვევს ამ ტრადიციას და მასპინძლობს ისეთ გამორჩეულ სპიკერებსა და ტრენერებს, როგორებიც არიან: ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემთა ჟურნალისტი - შანა ჯონსი, Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის კონტრაქტორი - შოთა ელკანიშვილი, ნეიროინფორმატიკის ინსტიტუტის მკვლევარი - არსლან გაბდულხაკოვი, საქართველოს ბანკის წამყვანი მონაცემთა მეცნიერი - ნიკა მამისაშვილი და სხვა.
ფესტივალის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაცია მკაცრად იქნება დაცული. აქედან გამომდინარე მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ადამიანი შეძლებს ფესტივალზე დასწრებას ფიზიკურ სივრცეში. დანარჩენი მონაწილეები კი ფესტივალს ონლაინ შეუერთდებიან.
ბილეთების შესაძენად, ეწვიეთ ბმულს: tkt.ge/DataFest
ფესტივალის ორგანიზატორია მონაცემთა ვიზუალიზაციის ორგანიზაცია ფორსეტი.
ღონისძიების პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი, გრანთ თორნთონი, ევროკავშირი საქართველოსთვის, Eastern Partnership Civil Society Facility, UNDP Accelerator Labs და თბილისის მერია.
ფესტივალის მხარდამჭერები: დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი (NED), ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP), საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), Terminal, Zinc Network.
16-11-2024
16-11-2024