გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის" 2021-2027 წლების პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი

8-12-2021

საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის" 2021-2027 წლების პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. დოკუმენტს საქართველოს მხრიდან საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ხოლო ევროკომისიის მხრიდან ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის კომისარმა მარია გაბრიელმა დისტანციურ ფორმატში მოაწერეს ხელი.


შეთანხმების გაფორმების შედეგად საქართველო „შემოქმედებითი ევროპის" პროგრამაში მეორედ ჩაერთვება, როგორც ასოცირებული ქვეყანა და შეძლებს კიდევ ერთხელ მიიღოს მონაწილეობა კულტურის, მედიისა და ინტერსექტორული მიმართულებების ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში და მოიპოვოს დაფინანსება. რაც ხელს შეუწყობს საქართველოში კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების გაძლიერებასა და ქართული კულტურის ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციას.


ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა" 2021-2027 წლებზე გათვლილი 2.44 მილიარდი ევროს ბიუჯეტით ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს პროგრამის წევრი ქვეყნების კულტურის, შემოქმედებით და აუდიო-ვიზუალურ სექტორებს. პროგრამას ორი უმთავრესი მიზანი აქვს: ევროპული კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნების დაცვა, განვითარება და პოპულარიზაცია, ასევე კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების, განსაკუთრებით კი აუდიო-ვიზუალური სექტორის კონკურენტუნარიანობის და ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება.


ხაზგასასმელია, რომ საქართველო იყო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მონაწილე ქვეყნებს შორის პირველი ქვეყანა, რომელიც 2015 წელს ოფიციალურად გაწევრიანდა პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა". 2014-2020 წლებზე გათვლილი პროგრამის ფარგლებში საქართველოს მონაწილეობით, პროგრამის დაფინანსება მოიპოვა 33-მა პროექტმა, რაც ჯამში 1.5 მილიონ ევროზე მეტს შეადგენს. დაფინანსებულთა შორის 5 ორგანიზაცია პროექტის წამყვანი (ლიდერი) პარტნიორია, რომელმაც მიაღწია წარმატებას „შემოქმედებითი ევროპის" დაფინანსების ყველა სქემაში. პროგრამის ფარგლებში ასევე ხელშეწყობილ იქნა სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის: კინოფესტივალი, ლიტერატურა, მუზეუმების სექტორი, არქიტექტურა და სხვა. პროგრამაში გაწევრიანებისთანავე საქართველოში ჩამოყალიბდა „შემოქმედებითი ევროპის დესკი", რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს კულტურის სამინისტროს სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს" ბაზაზე და მის მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს საქართველოდან პოტენციური ბენეფიციარების მხარდაჭერა პროგრამაში მონაწილეობის მიზნით. პროგრამისა და გამოცხადებული კონკურსების შესახებ დესკი მუდმივად მართავს ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს და ეხმარება დაინტერესებულ ორგანიზაციებს როგორც პარტნიორების მოძიებაში, ასევე განაცხადის წარდგენის პროცესში და შემდგომ - პროექტების განხორციელებაში.


აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების განვითარების, ქართული კულტურის ხელშეწყობისა და გაძლიერების, ასევე ევროპული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, „საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის" პროგრამაში (2021-2027) საქართველოს მონაწილეობის შესახებ" შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აღნიშნული განპირობებულია ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით განმტკიცებული დებულებებით, რაც ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კულტურის სფეროში ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930